ახალი სახალხო დამცველის ასარჩევად ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის კონსულტაციები გაიმართა

პუბლიკა

ახალი სახალხო დამცველის ასარჩევად ოპოზიციური პარტიები და მმართველი პარტია დღეს, 25 ნოემბერს პარლამენტში, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის კაბინეტში შეიკრიბნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ: “ნაციონალური მოძრაობიდან” ხატია დეკანოიძე, “ლელოდან” ანა ნაცვლიშვილი, “რესპუბლიკური პარტიიდან” ხათუნა სამნიძე, “გირჩიდან” სანდრო რაქვიაშვილი, “მოქალაქეებიდან” ალეკო ელისაშვილი, “ევროპელი სოციალისტებიდან” ფრიდონ ინჯია და პარტია “საქართველოს” წევრი ბექა ლილუაშვილი.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებულ პროცესს უნდობლობას უცხადებს და აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში მიმდინარე პოლიტიკურ კონსულტაციებში არ მონაწილეობს.

„კონკრეტულად გვარებზე საუბარი არ ყოფილა. ზოგადად ვფიქრობ, რომ ეს პროცესი და ბრძოლა რომ საქართველოს დამოუკიდებელი სახალხო დამცველი ჰყავდეს მნიშვნელოვანია. კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე გაიმართა შეხვედრა, სადაც ვიმსჯელეთ რა შეიძლება იყოს კიდევ ერთი შეხვედრის საფუძველი, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას.” – განუცხადა ჟურნალისტებს ხატია დეკანოიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„დღეს ფაქტობრივი მოცემულობა ასეთია – ცალკე აღებული არცერთ პარტიას არ აქვს მანდატების საკმარისი რაოდენობა რომ ერთპარტიულად აირჩიოს სახალხო დამცველი, ამიტომ პოლიტიკური შეთანხმება ამ პროცესს სჭირდება. ჩვენი განწყობა არის ასეთი, რომ საქართველოს სჭირდება პრინციპული, კომპეტენტური სახალხო დამცველი.” – განუცხადა ჟურნალისტებს ანა ნაცვლიშვილმა.

„ხელისუფლებამ იცის ოპოზიციის შეთავაზება, ჩვენ ვიცით ხელისუფლება რისთვის არის მზად, სახელსა და გვარებზე არ ვსაუბრობთ. ახლა ყველა საკუთარ გუნდებთან ვაპირებთ საუბარს და შემდეგი რაუნდისთვის მეტი კონკრეტიკით წარვდგებით ერთმანეთის წინაშე. პროგნოზის გაკეთება რთულია ქართული ოცნების პირობებში, მაგრამ შევთანხმდით, რომ პროცესის ჩაშლა არ გვინდა.” – ამბობს ხათუნა სამნიძე.

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile