ახალი სახალხო მოძრაობა | რა ვიცით ამ ეტაპზე

პუბლიკა

„შინ, ევროპისკენ“ – ამ სახელწოდებით გამართულ აქციაზე 20 ივნისის საღამოს დედაქალაქის მთავარ გამზირზე 100 000-ზე მეტი მოქალაქე შეიკრიბა, რათა დაედასტურებინათ, რომ მათ სურთ, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ამავე მიზეზით და მიზნით მოქალაქეები რეგიონების ქუჩებშიც გამოვიდნენ.

20 ივნისის აქცია მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ იყო ორგანიზებული. აქციის კულმინაციისას მოძრაობის წევრები რუსთაველზე შეკრებილი ადამიანების წინაშე წარდგნენ და განაცხადეს, რომ მოქალაქეები კვლავ უნდა შეიკრიბნონ 24 ივნისს, როდესაც ევროპული საბჭო საქართველოს ევროკავშირში გაწევრების კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

„სირცხვილიამ“, „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“ და კამპანიაში გაერთიანებულმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საზოგადოებას მანიფესტი წაუკითხეს და დააანონსეს ახალი სახალხო მოძრაობის შექმნა, რომელსაც ერქმევა „სახალხო მოძრაობა – შინ, ევროპისკენ!“.

ახალ მოძრაობაში გაერთიანდება სამოქალაქო საზოგადოების ყველა ჯგუფი – იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიების წარმომადგენლები, სტუდენტები, პროფესიული კავშირები თუ სხვა. 

მათი განაცხადით, სახალხო მოძრაობის შიგნით შეიქმნება ეროვნული საბჭო/კომიტეტი ერთხმიანი პარიტეტით. მათი თქმით, ახალი სახალხო მოძრაობა იბრძოლებს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, წაუყენებს მოთხოვნებს ხელისუფლებას და იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ეს განაპირობებს მასობრივ დაუმორჩილებლობას.

როგორ დაკომპლექტება ეროვნული საბჭო? როგორ იქნება მიღებული გადაწყვეტილებები? კონკრეტულად ვინ იქნება ეროვნული საბჭოს წევრები? როგორი იქნება სტრუქტურა და ვინ გაუწევს ორგანიზებას ეროვნული საბჭოს შექმნას? – ეს არის შეკითხვები, რომელიც საზოგადოებას მანიფესტის მოსმენის შემდეგ გაუჩნდა და რაზეც ჯერ პასუხები არ გაცემულა.

როგორც „პუბლიკას“ მოძრაობა „სირცხვილიას“ დირექტორმა, გიორგი მჟავანაძემ განუცხადა, სახალხო მოძრაობა იქნება ფართო სახით წარმოდგენილი, მასში გაერთიანებულ ჯგუფებს ეყოლებათ წარმომადგენლები ეროვნულ კომიტეტში. როგორც მჟავანაძე განმარტავს, სტრუქტურა საბოლოო სახის არ არის, თუმცა აღნიშნავს, რომ სახალხო მოძრაობაში და მოძრაობის ეროვნულ კომიტეტში წარმოდგენილი არ იქნებიან პოლიტიკური პარტიები. როგორც მჟავანაძე ვარაუდობს, ეროვნულ კომიტეტში საზოგადოების, დაახლოებით, 10-მდე სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელი იქნება.

„იქნება სახალხო მოძრაობა, რომელსაც ექნება ეროვნული კომიტეტი, რომელიც სრულად იქნება დაკომპლექტებული სამოქალაქო საზოგადოების, მოძრაობების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვადასხვა პროფესიული გაერთიანებებისა და სტუდენტების წარმომადგენლებით. არ იქნება წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები, მათთან შედგება თანამშრომლობის ფორმატი. ამ პროცესში ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებლობას იღებს მთლიანად ხალხი და ეს ორგანიზაციები, რომლებიც წარმოდგენილნი იქნებიან კომიტეტში“, – განაცხადა მჟავანაძემ.

20 ივნისს აქციის შემდეგ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, რომ სახალხო მოძრაობის შექმნისა და მოქმედების დეტალურ გეგმის შესახებ ინფორმაცია  24 ივნისს, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ გახდება ცნობილი.

მისი თქმით, სამოქალაქო სექტორთან, ორგანიზაციებთან გაიმართა ათობით შეხვედრა, რომლის მიხედვითაც შემუშავდა რამდენიმე გეგმა და სცენარი.

„ეს იქნება კონკრეტული პრობლემების დაძლევისკენ მიმართული ქმედებები. მადლობა ევროპის კომისიას, რომ ეს პრობლემები თავად ჩამოწერა პუნქტობრივად; მადლობა იმისთვის, რომ განგვისაზღვრა ვადა – ეს არის 2022 წლის მიწურული. ამ ვადაში ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა და გადაწყდება ყველა ის საკითხი, რომელიც მოცემულია“, – თქვა გიორგი მშვენიერაძემ.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა მშვენიერაძეს ჰკითხა, როდესაც იგი საუბრობს პრობლემების მოგვარების გეგმაზე, იგულისხმება თუ არა, რომ ისინი მთავრობას სთავაზობენ გეგმას, როგორ უნდა მოაგვარონ ევროკომისიის მიერ ჩამოწერილ პრობლემები.

მშვენიერაძემ განაცხადა, რომ ის ღრმად არის დარწმუნებული, ევროკომისიის დოკუმენტი, სადაც აღნუსხულია პრობლემური საკითხები და რაც ქვეყანამ უნდა მოაგვაროს სტატუსის მინიჭებამდე, ხელისუფლებისთვის არ შექმნილა.

„ხელისუფლებას ამ პუნქტების მოსაგვარებლად ჰქონდა 10 წელი… ჩვენი მიზანია, რომ ოლიგარქი გამოვაცალოთ ხელისუფლებას და როცა ამას ვიზამთ, ხელისუფლება ავტომატურად დაკარგავს ძალაუფლებას, რადგან, რეალურად, ხელისუფლების უკან ხალხი არ დგას. ჩვენი მიზანი 24-იდან იქნება არა მარტო დეოლიგარქიზაცია, მაგრამ პირველ რიგში დეოლიგარქიზაცია.  ეს იქნება გასაღები ყველა სხვა პრობლემის მოგვარებისთვის“, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ 20 ივნისს გაჟღერებული მანიფესტი იწყება სიტყვებით, რომ ახლა დადგა დრო, ისტორიული არჩევანი ყველამ ერთად დაიცვას. მათი თქმით, რამდენიმე თაობაში ერთს ერგება უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ კიდევ ერთხელ დაამკვიდროს სახელმწიფო და მისი მომავალი.

მოძრაობა „სირცხვილია“ მანიფესტში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 24 ივნისს ახალი სახალხო მოძრაობა წამოაყენებს მოთხოვნებს ხელისუფლების წინაშე და თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება – ეს განაპირობებს მასობრივ დაუმორჩილებლობას.

„ახალი სახალხო მოძრაობა წამოაყენებს მოთხოვნებს ხელისუფლების წინაშე. ჩვენი მოთხოვნების შეუსრულებლობა განაპირობებს მასობრივ დაუმორჩილებლობას. ფეხზე დადგება საქართველოს ყველა რეგიონი და ქალაქი, რათა არაძალადობრივი წინააღმდეგობის ტალღამ წალეკოს ყველა, ვინც ჩვენ ქვეყანას შინ, ევროპისკენ მიმავალ გზაზე გადაეღობება“, – წერია მანიფესტში.

LB loan image desktop LB loan image mobile