ახალი თეატრის დასი: არ ვაღიარებთ არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას

პუბლიკა

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასის წევრების განცხადებით, „ქართული ოცნების” კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას დავით დოიაშვილის გათავისუფლების შესახებ არ აღიარებენ. ამის შესახებ განცხადება მათ ახალ თეატრთან გააკეთეს.

„დღეს არალეგიტიმურმა კულტურის სამინისტრომ ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა დავით დოიაშვილი, რადგან მან გაბედა და ხმა აიმაღლა იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რის წინაშეც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ვდგავართ. დავით დოიაშვილზე თავდასხმა არის თავდასხმა თითოეულ ჩვენგანზე, ეს არის დასჯა სოლიდარობისთვის, თანადგომისთვის, თავისუფალი აზრისთვის და თავდასხმა თითოეულ ხელოვანზე, რომელიც ემსახურება ხალხს და სახელმწიფოს.

ჩვენ, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი, რომლის წევრიც უსამართლო ტყვეობაშია ამჟამად, წინსვლას და განვითარებას დავით დოიაშვილის ხელმძღვანელობის გარეშე ვერ ვხედავთ, არ ვაღიარებთ არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და ჩვენ, ამ თეატრის დასი დავით დოიაშვილს არ ვუშვებთ. ვდგავართ მასთან ერთად და ვიდგებით გამარჯვებამდე”.

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. განცხადებაში ნათქვამია, რომ „სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში”, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად დღეს ახალ თეატრთან მოქალაქეები შეიკრიბნენ – მათ სიტყვით მიმართა დავით დოიაშვილმაც, რომელმაც თქვა, რომ მთავარი ახლა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა:

„ამ ყველაფერს ველოდი, ველოდი უფრო ადრე, ვიდრე ეს მოხდა, მიკვირს კიდევ ამდენი ხანი რომ გვაცალეს. ამიტომ, მე ვიქნები ამ თეატრის ხელმძღვანელი თუ არ ვიქნები, მეორე ხარისხოვანია – ერთადერთი, რაც დღეს შემიძლია ვთქვა, მე წავალ თუ მოვალ არ არის მთავარი, მთავარი არის, რომ გამოუშვით პოლიტპატიმრები. გამოუშვით სასწრაფოდ”.

თეატრი, რომლის ერთ-ერთი მსახიობია ანდრო ჭიჭინაძე, პროტესტების დასაწყისიდანვე გაფიცულია. დავით დოიაშვილის განცხადებით, მისი ხელმძღვანელობის პირობებში, ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლებამდე, თეატრი სცენაზე ვერ დაბრუნდებოდა.