ახალი წლის მისალოცი ბარათი ირმა ინაშვილს | „თანასწორობა 17-ის“ სატირული პროექტი

პუბლიკა

აქტივისტმა ნინო ბოლქვაძემ და ორგანიზაცია „თანასწორობა 17-მა“ ახალი სატირული პროექტი დაიწყო. ინიციატივის მიზანია, მოქალაქეებმა, აქტივისტებმა, დაინტერესებულმა პირებმა პარლამენტარებს ვირტუალურად გაუგზავნონ ღია ბარათები. პლატფორმა ღიაა და საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, მისწერონ წერილი პარლამენტარებს და ისაუბრონ არსებულ საკანონმდებლო ხარვეზებზე.

„წარმოგიდგენთ ახალი წლის პირველ მისალოც ბარათს, რომლის ადრესატიც არის საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი ირმა ინაშვილი. წერილში სამოქალაქო აქტივისტი ნინო ბოლქვაძე ქ-ნ ინაშვილს ახსენებს იმ „წარმატებით“ განხორციელებულ საქმიანობას, რომელიც პირდაპირ შეეხო საქართველოში მცხოვრებ უამრავ ბავშვსა და მათ ოჯახს“, – მითითებულია „თანასწორობა 17-ის“ გვერდზე და თან დართული აქვს ბარათი.

იდეის ავტორი ნინო ბოლქვაძე „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ ამ პროექტით სურთ, პარლამენტარების ანგარშვალდებულების გაზრდას შეუწყონ ხელი.

„ჩვენ ვაპირებთ, რომ მივწეროთ მე-9 მოწვევის პარლამენტარებს, რომლებიც სხვათა შორის, აღმოჩნდნენ ამ მეათე მოწვევის პარლამენტარების სიაში „ქართული ოცნების“ მხრიდან. ასევე, ამ სიაში აღმოჩნდნენ გიორგი გახარია და თეა წულუკიანი. ამ მოწვევის პარლამენტში მოხვდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებიც.

ეს ადამიანები არიან არა ხალხის სამსახურში, არამედ ვიწრო, პარტიულ, ოლიგარქიულ ინტერესებს ემსახურებიან. ზოგადად, პრობლემაა, რომ ანგარიშვალდებულად ვერ გრძნობენ პარლამენტარები თავს ამომრჩეველთან. არ ასრულებენ იმას, რაც ევალებათ – კანონმდებლობის გაუმჯობესება და მიღებული კანონების ინპლემენტაციის ზედამხედველობა. უნდა შევახსენოთ, რომ ამისთვის არის შერჩეულები.

გვინდა ასევე იმ პრობლემების აქტუალიზება, რომელთა გადაწყვეტა ვერ მოხერხდა ამ პარლამენტარების ჩართულობით.  ბევრი საკანონმდებლო ხარვეზი გვაქვს, რომელიც გამოსასწორებელია და  ეს ეხება, ასევე, სოციალურ პრობლემებს, როგორიცაა, მაგალითად, საარსებო მინიმუმი, რომელიც არ ასახავს რეალობას და ა.შ.“, – ამბობს ნინო ბოლქვაძე.

პროექტის ფარგლებში არტისტები ამზადებენ კარიკატურებს. ნინო ბოლქვაძის თქმით, ეს ფორმა – სატირული, შეირჩა იმისთვის, რომ უფრო გასაგები და შესამჩნევი იყოს პრობლემებიც და ღია ბარათების ადრესატებიც.

პროექტის ავტორები გეგმავენ, დღეში 1 ბარათი გამოაქვეყნონ და გაუგზავნონ პარლამენტარს. ისინი იმედოვნებენ, რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს დისკუსიის წამოწყებას პრობლემებსა და პარლამენტარების ანგარიშვალდებულებაზე.

„საზოგადოებამ უნდა ისწავლოს პასუხის მოთხოვნა. როგორც დანაპირების შესრულება უნდა მოსთხოვოს პარლამენტარს, ასევე გაუკეთებელი საქმეებიც უნდა ჩანდეს.

პროაქტიურად დავუკავშირდები სამოქალაქო აქტივისტებს და სხავადასხვა სფეროში არსებული პრობლემების აქტუალიზებას შევეცდებით.  მოთხოვნის შემთხვევაში, პლატფორმა ღია იქნება ყველა მოქალაქისთვის, გამოხატოს თავისი აზრი უშუალოდ კანონმდებლობის გაუმჯობესებისა და აღსრულების შესახებ“, – ამბობს ნინო ბოლქვაძე.

ორგანიზაცია „თანასწორობა 17“ 2016 წელს დაფუძნდა. ორგანიზაცია თავდაპირველად კონკრეტულად ლგბტ თემის უფლებებსა და სხვა საკითხებზე მუშაობდა. შემდეგ ადვოკატირების წრე გაფართოვდა და ამჟამად ორგანიზაცია მუშაობს დავებზე სხვადასხვა სასამართლოში, დიკრიმინაციის საკითხებზე.

LB loan image desktop LB loan image mobile