ახალქალაქში დაკავებული ენმ-ის წევრის ცოლი პოლიციის უფროსს გაუპატიურების მცდელობასა და გატაცებაში ადანაშაულებს

პუბლიკა

ახალქალაქში პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებული ენმ-ის დეპუტატის, არტურ მკოიანის ცოლმა მინა მკოიანმა პოლიციის უფროსის, შალვა ლომსაძის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა.

მინა მკოიანი ახალქალაქის პოლიციის ხელმძღვანელს მის გატაცებაში, გაუპატიურების მცდელობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ადანაშაულებს.

„აქ იმიტომ ვარ, რომ განცხადება შევიტანო იმისთვის, რომ მისი ძალაუფლება და გავლენები არ გავრცელდეს და არ შეეხოს სხვა ქალებს. ის არის მანიაკი და მე მაქვს ინფორმაცია, რომ ის სხვა ქალებსაც ემუქრებოდა, თუმცა მათ ამ ეტაპზე ამაზე საუბარი საერთოდ არ სურთ, რადგან ეშინიათ. მეც ამ დრომდე მეშინოდა. მან მე გამიტაცა, ჩემი გაუპატიურება და სიცოცხლის მოსპობა უნდოდა. მაქვს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები“, – ამბობს მინა მკოიანი მედიასთან.

მინა მკოიანის ადვოკატის, თამარ მენაბდეს განცხადებით, სარჩელს თან ერთვის მტკიცებულებები, მათ შორის, მიმოწერის სქრინშოტების სახით.

მინა მკოიანი შემთხვევის შესახებ უფრო ვრცლად საუბრობს jnews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

გამოცემის ცნობით, მინა მკოიანი ამბობს, რომ შალვა ლომსაძემ ის 2021 წლის 24 დეკემბერს გაიტაცა და მისი გაუპატიურება მანქანაში სხვა ორი პირის თანდასწრებით სცადა. მკოიანი აღწერს, რომ წინააღმდეგობის გაწევის დროს მან ლომსაძეს დაარტყა, რაზეც საპასუხო დარტყმა მიიღო, შემდეგ მისი ჩანთა გაჩხრიკა და მანქანიდან გადავიდა.

ქალი ყვება, რომ მან მანქანიდან თავი დააღწია და ოჯახის წევრებს შეატყობინა მომხდარზე.

პროკურატურას ჯერჯერობით გამოძიების დაწყებაზე ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

მინა მკოიანის ქმარი, არტურ მკოიანი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წესით დააკავა, 15 აგვისტოს სასამართლომ კი მას 11-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

შსს-ს ცნობით, მკოიანის სახლში მიმდინარეობდა ჩხრეკა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

უწყების განცხადებით, ჩხრეკის დროს მკოიანი არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც ის ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკოიანის სახლში ჩხრეკა მას შემდეგ ჩატარდა, რაც 23 აგვისტოს ახალქალაქში „ოპელის“ მარკის ავტომობილიდან, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან პოლიციელების მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლეს.

უწყების ცნობით, ავტომობილს, საიდანაც გაისროლეს, არტურ მკოიანი მართავდა.

არტურ მკოიანის დაკავების შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა, განაცხადა, რომ ის უკანონოდ დააკავეს და რომ მკოიანს ახალქალაქის პოლიციის უფროსი შალვა ლომსაძე, 2021 წლიდან პოლიტიკურად დევნის.

„ხელისუფლება და ამ შემთხვევაში, შსს ცდილობდა, რომ მის ოჯახში ჩაედოთ იარაღი და შემდგომ მისი დაკავება მომხდარიყო შესაბამისი მუხლით, მაგრამ როდესაც ტელევიზიები ჩაერივნენ პროცესში, მათ ვეღარ გაბედეს ამის განხორციელება“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

გიორგი ბოტკოველის ბრალდებებს უპასუხა შსს-მ.

„აღნიშნული განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს, გამოძიების დაწყება და პოლიციის მიერ ა.მ.-ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკა ჩატარდა საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით. შესაბამისად, ვასაჯაროებთ ვიდეოს, რომელზეც ასახულია მოქალაქე ა.მ.-ის მიერ იარაღიდან სროლის ფაქტი, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება და ა.მ.-ს საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველების მიერ ჩატარდა ჩხრეკა“, – განაცხადა უწყებამ.