ახალქალაქში ენმ-ის წევრი არტურ მკოიანი დააკავეს | პარტიის ბრალდება და შსს-ს პასუხი

პუბლიკა

ახალქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არტურ მკოიანი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წესით დააკავა, სასამართლომ კი მას 11-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

შსს-ს ცნობით, მკოიანის სახლში მიმდინარეობდა ჩხრეკა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

უწყების განცხადებით, ჩხრეკის დროს მკოიანი არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც ის ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკოიანის სახლში ჩხრეკა მას შემდეგ ჩატარდა, რაც 23 აგვისტოს ახალქალაქში „ოპელის“ მარკის ავტომობილიდან, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან პოლიციელების მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლეს.

უწყების ცნობით, ავტომობილს, საიდანაც გაისროლეს, არტურ მკოიანი მართავდა.

არტურ მკოიანის დაკავების შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა, განაცხადა, რომ ის უკანონოდ დააკავეს და რომ მკოიანს ახალქალაქის პოლიციის უფროსი შალვა ლომსაძე, 2021 წლიდან პოლიტიკურად დევნის.

„ხელისუფლება და ამ შემთხვევაში, შსს ცდილობდა, რომ მის ოჯახში ჩაედოთ იარაღი და შემდგომ მისი დაკავება მომხდარიყო შესაბამისი მუხლით, მაგრამ როდესაც ტელევიზიები ჩაერივნენ პროცესში, მათ ვეღარ გაბედეს ამის განხორციელება“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

გიორგი ბოტკოველის ბრალდებებს უპასუხა შსს-მ.

„აღნიშნული განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს, გამოძიების დაწყება და პოლიციის მიერ ა.მ.-ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკა ჩატარდა საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით. შესაბამისად, ვასაჯაროებთ ვიდეოს, რომელზეც ასახულია მოქალაქე ა.მ.-ის მიერ იარაღიდან სროლის ფაქტი, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება და ა.მ.-ს საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველების მიერ ჩატარდა ჩხრეკა“, – განაცხადა უწყებამ.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და ტარებას გულისხმობს.