ახალქალაქში გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშა დაიღუპა

პუბლიკა

ახალქალაქის სოფელ ხოსპიოსთან გზის მშენებლობაზე დასაქმებული სატვირთო მანქანის მძღოლი, დენის დარტყმის შედეგად, ადგილზე დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

როგორც „სამხრეთის კარიბჭეს” ადგილობრივებმა უთხრეს,  შუახნის კაცი გზის მშენებლობაზე იყო დასაქმებული: „ქვიშა უნდა დაეყარა და მისაბმელი მაღლა ასწია, ეს რკინა მოედო მაღლა დენის გაყვანილობას და როგორც ჩანს დენი გადავიდა მასზეც. სანამ მანქანაში იყო ვერ გრძნობდა, მაგრამ როგორც კი მიწაზე ფეხი დადგა, დენმა დაარტყა, ეტყობა გაატარა მაგ დროს. თან წვიმა იყო გარეთ და ეგეც იმოქმედებდა“.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, საქმეზე  გამოძიება 240–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.