ახალქალაქში ვითარება სტაბილურია, პოლიცია მაქსიმალურადაა მობილიზებული - შს მინისტრის მოადგილე

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, გუშინდელი არეულობის შემდეგ, ამ დროისთვის ახალქალაქში სიმშვიდეა და პოლიცია მაქსიმალურადაა მობილიზებული, რათა სიტუაცია აღარ გამწვავდეს.

„ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, ასევე ოპერატიული ღონისძიებები იმ პირების დადგენის მიზნით, ვინც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდნენ. გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც ხედავთ, ვითარება სტაბილურია. პოლიციის ძალები მაქსიმალურადაა მობილიზებული, რომლებიც შესაბამის პრევენციულ ზომებს ახორციელებენ“, – თქვა ვლადიმერ ბორცვაძემ ახალქალაქში ჩასვლის შემდეგ.

გუშინ ახალქალაქში მომხდარი მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღი მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით სამარათლდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალქალაქში ახალგაზრდა კაცი გუშინ მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას დაიღუპა. ადგილობრივი გამოცემა Jnews-ის ინფორმაციით, მკვლელობას ქალაქში არეულობა მოჰყვა, რომელიც დაახლოებით 19:00 საათისთვის დაიწყო.

მოქალაქეთა ჯგუფმა ახალქალაქის ცენტრში ერთ-ერთი სასტუმროს ფანჯრები ჩაამტვრია და შემდეგ შენობის დაწვა სცადა. გამოცემის ცნობით, სასტუმროს გარდა მოქალაქეთა ჯგუფმა კიდევ 4 შენობა დააზიანეს და სცადეს, დაეწვათ. დაპირისპირების განსამუხტად, ქალაქის ცენტრი და რამდენიმე შენობასთან მისასვლელი სპეცრაზმმა გადაკეტა, ახალქალაქის სხვა ნაწილებში კი პოლიცია იყო მობილიზებული.