ახალშობილი სახელმწიფო მზრუნველობაშია და გაშვილების შესახებ ინფორმაცია სიმართლე არ არის – სამინისტრო

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტრო ახალშობილის შესახებ, რომლის დაბრუნებასაც მშობლები მოითხოვენ, განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო, მიმდინარეობდა ინფორმაციის გაცვლა სამედიცინო დაწესებულებასა და სააგენტოს შორის, შეფასდა რისკი და ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, კანონის მოთხოვნების დაცვით, ბავშვი სახელმწიფო ზრუნვაში გადაიყვანეს.

„ოჯახი ცხოვრობს მძიმე სოციალურ პირობებში. შეფასება განხორციელდა საქმეში ჩართული სოციალური მუშაკების მხრიდან, გამოიკვეთა მშობლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის, ბავშვის უგულებელყოფის შემცველი ფაქტები და სხვა ის გარემოებები, რომლებზე დაყრდნობითაც სპეციალისტების მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ბავშვის ოჯახიდან განცალკევების თაობაზე.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ ახალშობილის მშობლებს.

ოჯახი ჩართულია რამდენიმე სახელმწიფო პროგრამაში და  სააგენტო გაძლიერებულ მონიტორინგს აწარმოებს ოჯახში დარჩენილი ორი არასრულწლოვნის მდგომარეობაზე.

ახალშობილი ამჟამად იმყოფება სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ და მის გაშვილებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ბავშვის ოჯახიდან გამოყვანა არის უკიდურესი ზომა და აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად მნიშვნელოვანი რისკის შემცველი გარემოებები უდევს, თუმცა ვინაიდან საქმე შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას განმარტოს საქმეში არსებული დეტალები“, – ნათქვამია განცხადებაში.