ახლა ივანიშვილის მოკავშირეა საახალწლო გოჭი და საცივი, ხალხის ამ თემებზე გადართვა - სააკაშვილი

პუბლიკა

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით ბიძინა ივანიშვილი ახლა არის „კატასტროფულ სიტუაციაში“ და ცდილობს პატარ-პატარა თემების შემოგდებით ორი მთავარი თემისგან – რიგგარეშე არჩევნებისა და სააკაშვილის გათავისუფლებისგან  ყურადღების გადატანას. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„იგივე რიგგარეშე არჩევნების თემაზე დაბნეულობის შემოსატანად შემოაგდო 2%-იანი ბარიერის თემა და ჩემ შემთხვევაში – საავადმყოფოში გადაყვანის. ასევე იქირავა “ექსპერტები”, რომელთა მთავარი თემაა, რომ თურმე სააკაშვილის თემა ხელს უშლის ოპოზიციის ძირითად პროგრამას. ახლა მისი მთავარი მოკავშირეა საახალწლო გოჭი და საცივი და ხალხის ამ თემებზე გადართვა. ამ ყველაფრით მას სურს ტემპერატურის დაგდება, ფრუსტრაციის და პასიურობის დანერგვა. ამის პარალელურად ემზადება გვარამიას, ხაზარაძის დასაჭერად და მედიის დასახურად.

რით უნდა ვუპასუხოთ ჩვენ? – პირველ რიგში, არ უნდა წამოვეგოთ მთავარი მიმართულებიდან გადაყვანას. მეორე, აუცილებლად უნდა ავუხსნათ ხალხს რაზე ვთანხმდებით. ჩემის აზრით, ეს არის დეცენტრალიზაცია ე.ი. ნამდვილი ადგილობრივი თვითმმართველობის შემოტანა და მეორეს მხრივ თავისუფლება – არჩევანის, სასამართლოს, პროკურატურის, მედიის და თავისუფლება ძალადობისგან. ჩვენ გვჭირდება მუდმივი წინააღმდეგობის კერები ადგილებზე, მაგრამ ყოველთვის კონკრეტულ თემებთან ერთად, ორი ძირითადი მიზნის გათვალისწინებით – არჩევნები და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა. ვემზადებით ძალიან დიდი აქციისთვის დეკემბერში იმისათვის, რომ ხალხმა შვებით ამოისუნთქოს“, – წერს სააკაშვილი.

სააკაშვილი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს.