ახლა ყველაზე კარგია ვაქცინაცია – გამყრელიძე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლაბორატორიულად გრიპის ვირუსი, ჯერჯერობით, ქვეყანაში არ ცირკულირებს, შესაბამისად, ეს პერიოდი ვაქცინაციისთვის საუკეთესოა.

მისივე თქმით, 29 ოქტომბერს სახელმწიფომ შემოიტანა 100 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო 4-კომპონენტიანი ვაქცინა. ამირან გამყრელიძემ გრიპის ვირუსთან დაკავშირებით დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

2019-20 წლებისთვის სეზონური გრიპის ვაქცინაციისთვის რისკისა და სპეციფიკურ პრიორიტეტულ ჯგუფებად განისაზღვრა:

ა) სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონეთაგან:

დიაბეტით დაავადებული პირები;

დიალიზზე მყოფი პირები;

C ჰეპატიტით დაავადებული პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);

აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულები;

მუკოვისციდოზით დაავადებულნი.

ბ) სხვა პრიორიტეტული ჯგუფები:

ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;

ორსულები.

ცენტრის ცნობით, რისკის ან პრიორიტეტულ ჯგუფს მიკუთვნებულ პირებს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შეუძლიათ იმ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელშიც რეგისტრირებულნი არიან მომსახურეობის მიმღებად, თუ ეს დაწესებულება მონაწილეობს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში, როგორც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების მიმწოდებელი; ან საქართველოში არსებულ იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც მონაწილეობენ იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში, როგორც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების მიმწოდებლნი.

გრიპი მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც იწყება უეცრად, მაღალი ტემპერატურის ფონზე გამოხატული ინტოქსიკაციითა და ზემო სასუნთქი გზების დაზიანებით. სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელია ცხელება, ხველა (ჩვეულებრივ, მშრალი), თავის, კუნთების და სახსრების ტკივილი, ძლიერი სისუსტე (უსიამოვნო შეგრძნება), ყელის ტკივილი და სურდო. ხველა შეიძლება იყოს მძიმე და გაგრძელდეს 2 კვირა ან უფრო მეტი. დაავადებულთა უმეტესობა გამოჯანმრთელდება ერთ კვირაში, სამედიცინო დახმარების გარეშე. ამასთან, გრიპმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე დაავადება ან სიკვდილი, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფში შემავალ ადამიანებში.