ახობაძე და სუბელიანი თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურებიან

პუბლიკა

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ერთ-ერთი ლიდერი, თამაზ ახობაძე და აქტივისტი ანა სუბელიანი თეა წულუკიანის მიერ PosTv-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურებიან.

თამაზ ახობაძე წულუკიანის განცხადებას ცენზურის დასაწყისსა და ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების რეპრესიას უწოდებს და კულტურის მინისტრის განცხადების იმ ნაწილს ეხმაურება, სადაც სწორედ მისი გათავისუფლების საქმეზე მახვილდება ყურადღება.

„შევახსენებ ქალბატონ თეა წულუკიანს, რომ მე პირადად ორჯერ მოვუგე მას სასამართლოს სამი ინსტანცია. სასამართლომ მიიჩნია, რომ უკანონოდ ვიყავი გათავისუფლებული, ბათილად სცნო იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება და დააკისრა ჩემი სამსახურში აღდგენა და აღდგენამდე განაცდური ხელფასის ჩარიცხვა. არანაირი მტკიცებულება, რომ მე რომელიმე პარტიის აქტივისტი ვიყავი და საბოტაჟს ვაწყობდი სამინისტროში, მათ არ წარმოუდგენიათ“, – წერს თაბაზ ახობაძე.

ჩემს გარდა ქალბატონი წულუკიანის პოლიტიკურ რეპრესიებს ძალიან ბევრი პროფესიონალი შეეწირა. სამაგიეროდ, მას მოჰყავდა საკუთარი პარტაქტივი, უკონკურსოდ ასაქმებდა მანამდე არარსებულ პოზიციებზე და ძალიან მალე აწინაურებდა. ახლა კულტურის სამინისტრო უნდა მოიყვანოს თავის ჭკუაზე, როგორც ჩანს“, – განაცხადა თამაზ ახობაძემ.

ანა სუბალიანი აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგებოდა სისტემაში საარჩევნო შტაბის აქტივისტების უკონკურსოდ მიღებას, ასევე მან გააპროტესტა კოლეგის უსამართლო და უსაფუძვლო გათავისუფლება, რაც ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა არ აპატია.

„საბოლოოდ, ახლადმოსული უფროსის ხელით გამათავისუფლა, ჯერ მამეცადინებინა ეს ასევე გონებაჩლუნგი ერთეული, მერე ხან გარიგებას ცდილობდა მისი ხელით, ხან მემუქრებოდა. ის მოკრიმინალო ელემენტები დაასაქმა დანაშაულის პრევენციის ცენტრში, ერთ-ერთი კი დირექტორადაც აქცია სულ მალე. ამის მიღმა, მთელს უწყებაში ასობით ადამიანი დაასაქმა მხოლოდ პირადი ნდობის ნიშნით, არანაირი პროფესიონალიზმი, არანაირი საჭიროება ამ კადრების სისტემაში შემოყრისა.

გილოცავთ მეგობრებო, ისედაც წურბელების ზეიმი იყო კულტურის სამინისტროც და სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროც ყოველთვის. მე ამ უწყებების კარგად გაკეთებული საქმეები არ მახსოვს. ახლა აღზევდება ქართული კულტურაც, სპორტიც და ახალგაზრდობაც გაიფურჩქნება და გაილაღებს“, – წერს ანა სუბელიანი საკუთარ Facebook გვერდზე.

თეა წულუკიანმა 19 მარტს შალვა რამიშვილთან PosTv -ის ეთერში იუსტიციის მინისტრობის პერიოდსა და კულტურის სამინისტროში მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

შალვა რამიშვილმა წულუკიანს კითხვა დაუსვა იმ ადამიანებზე, რომლებიც კულტურის სფეროში საქმიანობენ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ სიმპატიას გამოხატავენ.

თეა წულუკიანმა კითხვაზე პასუხის გაცემა იუსტიციის სამინისტროში მისი საქმიანობის პერიოდზე საუბრით დაიწყო.

„ისინი არ იყვნენ საჯარო მოხეელები. გავათავისუფლე მხოლოდ და მხოლოდ მაშინ და იმ ნიშნით, როდესაც სისტემაში დასაქმებულმა საჯარო მოხელემ ხელი მიჰყო საბოტაჟს“, – განაცხადა მან. 


2014 წელს ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან გაათავისუფლეს.

მედიაციის სახლის მენეჯერის, ანა სუბელიანისა, და განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მენეჯერის, თამაზ ახობაძის, ინიციატივით საქმის წარმოება სასამართლოში დაიწყო – მომჩივანებმა საქმე იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ სამივე ინსტანციაში მოიგეს.

სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 9 მარტს სრულად დააკმაყოფილა  ანა სუბელიანისა და თამაზ ახობაძის სარჩელი.იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრს დაზარალებულთათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა. სასამართლომ უკანანოდ და ბათილად ცნო სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებები.