აკრძალულია თუ არა 10 კაცზე მეტის შეკრება – რა წერია დეკრეტში

პუბლიკა

საგანგებო მდგომარეობის შესახებ პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკრეტში ჩანაწერი  10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრის შესახებ არ არის. 

6.„ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი:
შეიზღუდოს ნებისმიერი სახის შეკრება, მანიფესტაცია და ადამიანების თავშეყრა, გარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა“,  – ვკითხულობთ პრეზიდენტის დეკრეტში.

თუმცა, დეკრეტის შესაბამისად მთავრობამ უახლოეს მომავალში უნდა გამოსცეს დადგენილება, სადაც შესაძლოა დაკონკრეტდეს რიგი საკითხები, მათ შორის, შესაძლოა, დაკონკრეტდეს 10 კაცზე მეტი ადამინის შეკრების საკითხიც.

21 მარტის საღამოს პარლმენტმა მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას.

თავდაპირველად კი პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გამართა ბრიფინგი. პრემიერმა პრეზიდენტს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დადგენილებით მიმართა.

პრემიერ-მინისტრმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს  და კრძალავს  10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრებას.

„იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა. მთავრობას ექნება უფლება, კერძო ორგანიზაციების ბიზნესსტრუქტურებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება“

საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, 10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა შეეხებოდა თუ არა ეკლესიას.

გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ:

ათ კაცამდე შეკრების შეზღუდვა ეხება ყველას და ყველაფერს“

„ამის მიზანი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა“. 

პრემიერის განცხადების შემდეგ მთავრობის წევრების განმარტებები ეკლესიაში შეკრების შესახებ იყო ერთმანეთისგან განსხვავებული.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პრეზიდენტის დეკრეტში არ არის განსაზღვრული, 10 კაცის შეკრებაზეა საუბარი თუ 20-ის და ეს რიცხვი პრემიერმა მანიფესტაციებსა და შეკრებებს დაუკავშირა და არა რელიგიურ რიტუალებს. თალაკვაძის თქმით, აკრძალვა რელიგიურ რიტუალებს არ ეხება.

„არ არსებობს მდგომარეობა, რომლის ფარგლებშიც შეიძლება შეიზღუდოს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება“, – ასე უპასუხა იმავე შეკითხვაზე ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ.

ზემოაღნიშნულ განცხადებებს მოჰყვა ვიცე-პრემიერისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებაც.

მაია ცქიტიშვილის თქმით, საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვები უნდა დავიცვათ ყველგან, მიუხედავად იმისა, თუ სად ვიმყოფებით – ეს არის საოფისე ფართი, ბიზნესსუბიექტი, სასურსათო მაღაზია თუ ეკლესია.

მოგვიანებით,  გვიან ღამით საპატრიარქოს პრესსპიკერმა ანდრეა ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საპატრიარქოს დასჭირდა დამატებითი განმარტებები საგანგებო სიტუაციების დროს ეკლესიაში შეკრების საკითხზე. მისი თქმით, დამატებითი განმარტებებისთვის საპატრიარქოში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

როგორც ჯაღმაიძემ განაცხადა, მათ განუმარტეს, თუ რას ნიშნავს 10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრება და მისი თქმით, ეს არ უნდა გაგებულიყო ბუკვალურად.

„ჩვენ დაგვჭირდა დამატებითი განმარტებები, მივიღეთ ეს განმარტებები  – ბატონი გიორგი გახარია ბრძანდებოდა საპატრიარქოში. შეკითხვები გამოიწვია 10-კაციანი ჯგუფის თემამ, რომ 10 კაცზე მეტის შეკრება არ შეიძლება. ვიცით ჩვენ, რომ მსახურებები დიდმარხვაში განსაკუთრებით ბევრია და ადამიანთა რაოდენობა განსაკუთრებით იმატებს ამ პერიოდში. გვაინტერესებდა ამ შეკითხვებზე რა პასუხი იქნებოდა. განგვიმარტეს, რომ ეს არ უნდა გავიგოთ ბუკვალურად,  რომ სხვადასხვა ფართის ეკლესიაში დაშვებულია სხვადასხვა რაოდენობის ადამიანების დგომა.  მთავარი პრინციპი, რაც უნდა იყოს დაცული, ეყრდნობა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს. ანუ, იმდენი ადამიანი უნდა იყოს ტაძარში, რომ მათ საშუალება ჰქონდეთ, დაიცვან დისტანცია“, – თქვა ჯაღმაიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირამ გამყრელიძემ გუშინ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ:  „რეკომენდაცია ეძლევა მთლიანად საზოგადოებას, ეს იქნება მორწმუნე მრევლი თუ ათეისტი, რომ მთავარი ღონისძიება ამ ტიპის ეპიდემიების დროს არის სოციალური დისტანცირება“.

დღეს, კვირას საქართველოს ეკლესიებში წირვა-ლოცვა ჩვეულებრივ ჩატარდა.

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის მიმდინარეობისას  ტაძარში პოლიცია მივიდა. ამის შესახებ კადრები „მთავარმა არხმა“ გაავრცელა.  სასულიერო პირებთან გასაუბრების შემდეგ პოლიციამ მალევე დატოვა ტაძარი. უცნობია რაზე ისაუბრეს სასულიერი პირებმა და პოლიციის წარმომადგენლებმა.

როგორც ცნობილია პოლიცია მოქალაქემ გამოიძახა. პოლიციის წარმომადგენლებმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. მათ არც ის უთქვამთ გამოწერეს თუ არა ჯარიმა, რადგან ტაძარში 10 კაცზე მეტი იმყოფებოდა.

საკვირაო წირვის დასრულებისას საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ სამების ტაძარში იქადაგა. მან თქვა, რომ შორიშორ დადგომის მოთხოვნა ხალხისთვისაა და ადვილი შესასრულებელია. მან ასევე აღნიშნა, რომ „რაც ხდება, ღვთის განგებითაა“.


კორონავირუსის პანდემიის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს, ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს მოუწოდა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაიცან წესები და რეკონდაციები, რომლებსაც ისინი აქვეყნებენ.

20 მარტს კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო შეიკრიბა საქართველოს საპატრიარქოს სინოდი. მათ უნდა ემსჯელათ ზიარების წესის ცვლილებაზე, რადგან ზიარება ხდება ერთი კოვზით.

სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა გააკეთა.

„ეჭვის შეტანა იმაში, რომ ზიარების საერთო კოვზით ვინმეს ინფექცია გადაედოს, არის სრულიად გამორიცხული“, – თქვა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

საქართველოს საპატრიარქოსგან განსხვავებით 19 მარტს მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის გენერალურმა სამდივნომ განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ მარტის ბოლომდე შეწყდება ყველა რელიგიური ღვთისმსაზურება.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მორწმუნეებს ასევე მოუწოდა სახლებში ილოცონ.

„ეს არ ნიშნავს ღვთისმსახურებაზე უარის თქმას. ეს არის მსხვერპლი, რომელიც გავიღეთ, რათა სხვა მორწმუნეების ჯანმრთელობა დაცული იყოს. გამოიჩინეთ სიბრძნე და დარჩით სახლში. ჩვენ თქვენთვის ვილოცებთ“, – განაცხადა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა.


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა. დღეს ქვეყანაში 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

STOPCOV.GE-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში – 1 966, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 259 ადამიანია.

ბოლო მონაცემებით მსოფლიოში Covid 19-ით ინფიცირების 308,603 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსით გარდაიცვალა 13,069 ადამიანი.