საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში აკუსტიკურ ხმაურთან დაკავშირებით სანქციების გამკაცრება იგეგმება.
უმრავლესობის დეპუტატების მიერ ინიციირებული კანონპროექტის მიხედვით, აკუსტიკური ხმაურის კანონმდებლობით დასაშვები ნორმების გადამეტება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის/ ინდივიდუალური მეწარმის – 1 500 ლარით.
დარღვევის განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა, შესაბამისად, 500 და 5000 ლარამდე იზრდება. მესამე და ყოველი შემდგომი დარღვევისას ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 1000, ხოლო იურიდიული პირისთვის 10 000 ლარი იქნება.
კანონპროექტში ცვლილების შეტანის ინიციატორები მაია ბითაძე, ბექა დავითულიანი, ბექა ოდიშარია, ირაკლი ზარქუა, ნოდარ ტურძელაძე, გოჩა ენუქიძე, გოდერძი ჩანქსელიანი, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი და სავალან მირზოევი არიან.
კანონპროექტის მიღების მიზეზად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პრაქტიკული გამოყენების პროცესში გამოვლენილი ცალკეული რეგულირებების დახვეწის აუცილებლობა, ასევე, კოდექსის რიგი ნორმების სრულყოფილი და ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფა სახელდება.
ამჟამად მოქმედი კანონით, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმის გადამეტების შემთხვევაში, პირველ ჯერზე ფიზიკური ან იურიდიული პირი მიიღებს გაფრთხილებას. განმეორების შემთხვევაში, ფიზიკური პირი 150, ხოლო იურიდიული 500 ლარის ოდენობით ჯარიმდება.
დაჯარიმებიდან ერთი წლის განმავლობაში ნორმის გადამეტების ხელახლა დაფიქსირების შემთხვევაში, ჯარიმა, შესაბამისად, 300 და 1000 ლარამდე იზრდება.
ამ მუხლების შემთხვევაში ღამის საათებში – 23:00 საათიდან 08:00 საათამდე პერიოდი იგულისხმება.
პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ აკუსტიკური ხმაურის კონტროლის განყოფილების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2023 წლის იანვრიდან ივლისამდე აკუსტიკურ ხმაურთან დაკავშირებით 344 სამართალდარღვევის ოქმი ფიქსირდება. ამასთან, დაფიქსირებულია 86 გაფრთხილება, 150 ლარის ოდენობის 10 ჯარიმა, 150 ლარიანი 130 ჯარიმა, 500-ლარიანი – 49, ხოლო 1000 ლარიანი 69 ჯარიმა.
ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულია, თუ რა არის „აკუსტიკური ხმაური“ – „ყველა სახის განგრძობადი ხასიათის არასასიამოვნო, ხელისშემშლელი ბგერები, დრეკადი რხევები და ტალღები საჰაერო გარემოში, რომლებიც მიმდინარეობენ ფიზიკური და იურიდიული პირის ქმედების შედეგად და ქმნიან დისკომფორტს, შესაძლებელია ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს პირის ჯანმრთელობაზე ან მის სოციალურ მდგომარეობაზე“.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევებზე დაყრდნობით, მუდმივმა ხმაურმა შესაძლოა, სერიოზულად დააზიანოს ადამიანის ჯანმრთელობა, დაარღვიოს ძილი, გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ფსიქოლოგიური პრობლემები.