ხმაური თბილისის ქუჩებში - მოსახლეობა გაუსაძლის პირობებზე საუბრობს

პუბლიკა

„ჩემს საკუთარ ოთახში, ჩემს საკუთრება სახლში, არა მაქვს უფლება, რომ დავიძინო?“ – ამბობს „პუბლიკასთან“ თბილისის მცხოვრები, ნანა რობაქიძე, რომელსაც ხმაურის პრობლემასთან გამკლავება ყოველდღიურად უწევს.

რესპონდენტები „პუბლიკასთან“ აცხადებენ, რომ ხმაურის გამო ვეღარ ახერხებენ მუშაობას, დასვენებას, რუტინულ საქმიანობას. ამბობენ, რომ შეექმნათ ჯანმრთელობის პრობლემებიც.

ხმაურთან დაკავშირებით დასაშვები ნორმები კანონმდებლობით 2017 წელს დარეგულირდა.  ტექნიკური რეგლამენტით ასევე განსაზღვრულია, თუ რა არის „აკუსტიკური ხმაური“: „ყველა სახის განგძრობადი ხასიათის არასასიამოვნო, ხელისშემშლელი ბგერები, დრეკადი რხევები და ტალღები საჰაერო გარემოში, რომლებიც მიმდინარეობენ ფიზიკური და იურიდიული პირის ქმედების შედეგად და ქმნიან დისკომფორტს, შესაძლებელია ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს პირის ჯანმრთელობაზე ან მის სოციალურ მდგომარეობაზე“.

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმის გადამეტების შემთხვევაში, პირველ ჯერზე ფიზიკური ან იურიდიული პირი მიიღებს გაფრთხილებას. განმეორების შემთხვევაში კი, ფიზიკური პირი 150, ხოლო იურიდიული 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

დაჯარიმებიდან ერთი წლის განმავლობაში ნორმის გადამეტების ხელახლა დაფიქსირების შემთხვევაში, ჯარიმა, შესაბამისად, 300 და 1000 ლარამდე იზრდება.

რეგულაციები ვრცელდება ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენებაზეც, რაც გამოიწვევს ფიზიკური პირის 150 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 500 ლარით დაჯარიმებას.

ერთი წლის განმავლობაში დარღვევის განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა, შესაბამისად, 300 და 1000 ლარია.

ამ მუხლების შემთხვევაში ღამის საათებში – 23:00 საათიდან 08:00 საათამდე პერიოდი იგულისხმება.

პიროტექნიკის გამოყენებაზე ნორმები არ ვრცელდება ახალი წლის სადღესასწაულო დღეებზე (31 დეკემბრის 21:00 საათიდან 2 იანვრის 23:00 საათამდე და 13 იანვრის 21:00 საათიდან 14 იანვრის 23:00 საათამდე), საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღესა (9 აპრილი) და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე (26 მაისი).

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის აკუსტიკური ხმაურის კონტროლის განყოფილება 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყოველდღიურად, საშუალოდ, 20-30 საჩივარს იღებს. „პუბლიკასთან” საუბრისას უწყებაში აცხადებენ, რომ 2023 წლის პირველი იანვრიდან დღემდე 3000 საჩივრის ზარი ფიქსირდება.

მოქალაქეები ამბობენ, რომ მოქმედი რეგულაციები არაეფექტიანია და კანონმდებლობის შეცვლაა საჭირო:

„მერიის სამსახურის გამოძახება აი, ამ შემთხვევაში, არ არის ეფექტიანი; ხშირად იმიტომ, რომ, როცა ეს სამსახური მოდის, ესენი ხვდებიან და შესაბამისად უწევენ (ხმას). სამსახური როდესაც ამოდის, რომ გაზომოს დეციბელები, უკვე აღარ არის ის მდგომარეობა, რის გამოც ჩვენ გამოვიძახეთ“, – ამბობს თბილისის მცხოვრები, ბაქარ მიგრიაული „პუბლიკასთან“ საუბრისას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევებზე დაყრდნობით, მუდმივმა ხმაურმა შესაძლოა, სერიოზულად დააზიანოს ადამიანის ჯანმრთელობა, დაარღვიოს ძილი, გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ფსიქოლოგიური პრობლემები.

თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ხმაურის კონტროლის განყოფილების უფროსი, შოთა თუხარელი „პირველ არხთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სამსახური ხშირად ვერ ახერხებს დარღვევაზე რეაგირებას.

„ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც გვხედავენ ფორმით წარმომადგენლებს, მუსიკას თიშავენ. ამ შემთხვევაში ვერ ვახერხებთ ვერანაირ რეაგირებას, თუ ფაქტი არ დავაფიქსირეთ, რადგანაც სამკერდე კამერით გადაღებული ვიდეო წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ ეს ობიექტი დამრღვევია“, – ამბობს თუხარელი.

მისივე განცხადებით, განიხილება საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებაც.

„ჯარიმა არის ძალიან მცირე და ამიტომაც მოსახლეობა თვითონ მოითხოვს, რომ საჯარიმო სანქცია გაიზარდოს თანხობრივად, რაც, მგონი, უფრო შედეგს გამოიტანს. მაგაზეც ვმუშაობთ, რომ საერთოდ გაფრთხილება ამოვიღოთ. საჭიროა, პირდაპირ ქმედებაზე გადავიდეთ, რომ ყოველი დარღვევა იყოს თანხობრივი ვალდებულების დაკისრებით“, –  ამბობს თუხარელი.