რუს მომღერალ ალა პუგაჩოვას ჩეჩნეთის ყოფილი ლიდერის, ჯოხარ დუდაევის დადებითად ხსენების გამო სასამართლოში უჩივიან.
ალა პუგაჩოვამ რამდენიმე დღის წინანდელ ინტერვიუში თქვა:
„განსაკუთრებით მახსოვს ჩეჩნეთის პირველი ომი, რადგან ვიცნობდი ჯოხარ დუდაევს. ის ისეთი წესიერი, პატიოსანი, ჭკვიანი, ლამაზი კაცი… და რა ცოლი ჰყავდა! მხატვარი, მწერალი, პოლიტიკოსი. მან დამირეკა, ფიქრობდა, რომ რამენაირად დახმარება შემეძლო, მაგრამ რით შემეძლო დახმარება? არაფრით. ახლა კი მისი მოკითხვაც მრცხვენია ხოლმე“. – თქვა ალა პუგაჩოვამ.
სარჩელებით მოსკოვის სასამართლოს ალექსანდრე ტრეშოვმა მიმართა, ადვოკატმა, რომლის აზრითაც ალა პუგაჩოვამ მას, როგორც ავღანეთის ომის ვეტერანს შეურაცხყოფა მიაყენა და 1.5 მილიარდი რუბლი მოითხოვა.
პროპაგანდისტული რუსული მედია Russia Today ამბობს, რომ ტრეშოვი თანხის სხვა ვეტერანებზე დახარჯვას აპირებს.
სარჩელი ჯერ განსახილველად მიღებული არ არის. ასევე უცნობია, რა მუხლით მოხდება საქმის გამოძიება.
2021 წელს რუსეთში ვეტერანების შეურაცხყოფის კანონმდებლობა გამკაცრდა და სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. ადმინისტრაციული კოდექსი „სამშობლოს დამცველების ხსოვნის შეურაცხყოფისთვის” ჯარიმას ითვალისწინებს, თუმცა ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა 5 მილიონ რუბლს არ აღემატება. სამოქალაქო კოდექსის თანახმად, სადაც „შეურაცხყოფა“ ზოგადი მუხლია, ინტერნეტში სამართალდარღვევის ჩამდენი პირებისთვის მაქსიმალური ჯარიმა 10 ათასი რუბლია.
ეს პირველი საჩივარი არ არის, რომლითაც სამთავრობო შოუების ხშირმა სტუმარმა ტრეშოვმა სასამართლოს მიმართა. 2024 წელს ის „შიშველი წვეულების” ორგანიზატორებისგან მილიარდ დოლარს მოითხოვდა.
ალა პუგაჩოვას რამდენიმე სამთავრობო მედიამ უკვე უწოდა „ტერორისტის გულშემატკივარი.“
ჯოხარ დუდაევს ჩეჩნეთის ეროვნული პოლიტიკის მინისტრმა, ახმედ დუდაევმა უწოდა „ტერორისტი, რომლის გამოც ჩეჩნეთი ქაოსსა და ნგრევაში აღმოჩნდა” და ალა პუგაჩოვას უპასუხა:
„ის შეურაცხყოფას აყენებს ჩეჩენ ხალხს. რუსეთის ფედერაციის სიძულვილით გაჟღენთილმა თავს უფლება მისცა, გაეკეთებინა ისეთი პროვოკაციული განცხადებები, რომლებიც ჩეჩენ ხალხს შეურაცხყოფს”.
ალა პუგაჩოვამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთი დატოვა. მომღერალი და მისი ქმარი, კომიკოსი მაქსიმ გალკინი, შვილებთან ერთად ისრაელში ცხოვრობენ. წყვილი პუტინის ხელისუფლებას ღიად აკრიტიკებს.
ჯოხარ დუდაევი იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ, ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის.
ის 1996 წელს დაგეგმილი თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
ჯოხარ დუდაევი იყო ერთადერთი, რომელმაც 1992 წელს საქართველოს დევნილი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია მიიღო – დუდაევმა ზვიად გამსახურდიას ჩეჩნეთში საპრეზიდენტო რეზიდენცია დაუთმო.