ალბანეთში სტუდენტების მიერ დაწყებული საპროტესტო აქციები უკვე მეშვიდე დღეა, უწყვეტად გრძელდება. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომას მოითხოვენ.
თავად რამას თქმით, ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. მისი განცხადებით, დემონსტრაციები მთავრობისთვის კი არა, ალბანეთის ევროკავშირში გაწევრების ამბიციისთვის წარმოადგენს საფრთხეს.
„მე არავინ მიპირისპირდება, არც მთავრობას უპირისპირდებიან, არც საპარლამენტო უმრავლესობას და არც არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას. გამოწვევის წინაშეა გზა, რომელსაც მივყვებით, და მისია, რომლის შესრულებასაც ვცდილობთ“, – განაცხადა რამამ Facebook-ზე პირდაპირი ეთერის დროს.
„ალბანელებმა ყველაფერი ძალიან მკაფიოდ უნდა გააანალიზონ: ეს სურთ, ის სურთ თუ ევროკავშირში გაწევრება?”
მისივე თქმით, „საპროტესტო აქციები გარე ძალის ნამუშევარია“, თუმცა ამაზე დამატებითი განმარტება არ გაუკეთებია.
ედი რამამ კვირის დასაწყისშიც გამორიცხა გადადგომა და თქვა, რომ „მთავრობები არჩევნების გზით იცვლებიან“.
სტუდენტების ხელმძღვანელობით დაწყებული დემონსტრაციები მთავრობის სავარაუდო კორუფციით, უმუშევრობითა და განათლების დაბალი ხარისხით გამოწვეულ უკმაყოფილებას უკავშირდება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საპროტესტო გამოსვლებმა ტირანის ცენტრი მოიცვა და სხვა ქალაქებშიც გავრცელდა.
18 ოქტომბერს განათლების სამინისტროსთან ასობით ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტები სკანდირებდნენ: „რამა, გადადექი!“ და პოლიციის სპეცდანიშნულების დანაყოფებს ქვებს ესროდნენ.
პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
ედი რამა პოლიციელებს, რომლებიც „წინა ხაზზე“ იქნებიან, პრემიის სახით 2500 ევროს, იანვრიდან კი ხელფასების გაზრდას ჰპირდება.
ალბანეთი ბალკანეთის იმ სახელმწიფოთა ჯგუფშია, რომლებიც 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრებას ცდილობენ.
ალბანეთის საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა ევროკომისია და კვირას დაგმო ტირანასა და სხვა ქალაქებში ძალადობის გამოყენება. ევროკომისიამ ასევე აღნიშნა, რომ მიესალმება ალბანეთის ხელისუფლების ვალდებულებას, დაიცვას მოქალაქეთა საპროტესტო აქციებში მონაწილეობის უფლება.
რატომ დაიწყო აქციები
ის, რაც 13 ოქტომბერს განათლების სამინისტროსთან რამდენიმე ასეული სტუდენტის საპროტესტო შეკრებით დაიწყო, სულ რამდენიმე დღეში პრემიერ-მინისტრ ედი რამას მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ ფართომასშტაბიან მოძრაობად გადაიქცა.
14 ოქტომბრისთვის სამინისტროს შენობასთან უკვე ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი. სტუდენტებს ტირანის მცხოვრებლებიც შეუერთდნენ. საპროტესტო აქციების მონაწილეებმა განათლებისა და იუსტიციის სამინისტროების შენობებს ცეცხლი წაუკიდეს. დემონსტრანტები ფინანსთა სამინისტროს შენობაშიც შეიჭრნენ და დოკუმენტები დაწვეს.
15 ოქტომბერს საპროტესტო მოძრაობა უკვე მთელ ქვეყანას მოედო. ტირანის გარეუბანში მდებარე კამზადან დაწყებული, აქციები შკოდრაში, ვლორაში, ლუშნიაში, ელბასანში, დურესსა და კორჩაშიც გაიმართა. ბევრი ახალგაზრდა რეგიონებიდან ტირანში ჩავიდა, რათა საპროტესტო აქციებს შეერთებოდა.
16 ოქტომბერს მხოლოდ დედაქალაქში დაახლოებით 50 დემონსტრანტი და რამდენიმე პოლიციელი იყო დაშავებული. შაბათისთვის კი დააკავეს 167-ზე მეტი ადამიანი, რომელთა უმეტესობა ახალგაზრდა დემონსტრანტი იყო. სისხლის სამართლის საქმე დაიწყეს 388 ადამიანის წინააღმდეგ. დემონსტრანტებმა ტირანის ცენტრში დააზიანეს ბანკი და უნივერსიტეტის შენობები.
პოლიცია დემონსტრანტების, მათ შორის არასრულწლოვანების, წინააღმდეგ უკიდურესად სასტიკ მეთოდებს მიმართავს. ახალგაზრდა მომიტინგეების დასაშლელად სამართალდამცველები ცრემლმდენ გაზს, წყლის ჭავლს, ხელკეტებს, 17 ოქტომბერს კი რეზინის ტყვიებიც გამოიყენეს. სასტიკი დარბევის გამო საზოგადოებაში ფართო აღშფოთების შემდეგ, გავრცელებული ინფორმაციით, ხუთი პოლიციელი საქმიანობას დროებით ჩამოაშორეს.
სტუდენტები აპროტესტებენ სწავლის მაღალ საფასურს, ბინის ქირის მაღალ ფასებს, ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობას, უნივერსიტეტებში არსებულ მძიმე პირობებსა და სწავლის დასრულების შემდეგ პროფესიული განვითარების შესაძლებლობების სიმწირეს.
ამ ყველაფრის საფუძველი ღრმა სოციალური კრიზისია. ფორმალურად, ალბანეთი ევროკავშირში გაწევრების კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე სახელმწიფოდ მიიჩნევა, თუმცა ხელფასი, მსყიდველუნარიანობა და საჯარო მომსახურების ხარისხი ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. უკვე მრავალი წელია მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები, მასობრივად ტოვებენ ქვეყანას.
24 წლის სტუდენტმა და მუსიკის მასწავლებელმა, ანჟეზა მარკუმ ავსტრიულ გაზეთ Der Standard-ს განუცხადა:
„ჩვენ 135 დღის განმავლობაში მშვიდობიანად ვაპროტესტებდით, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენნლები აქციის მონაწილეებს მხოლოდ შეურაცხყოფას აყენებდნენ. საზოგადოება ახალგაზრდებს ალბანეთის უკანასკნელ იმედად მიიჩნევს – ხშირად საფრანგეთის ახალგაზრდებსაც კი გვადარებდნენ. მაგრამ მთავრობას საერთოდ არ ადარდებს, მშვიდობიანად ვაპროტესტებთ თუ არა. ის ჩვენს ხმას მაინც არ მოუსმენს“.
სტუდენტური პროტესტი უფრო ფართო საპროტესტო მოძრაობის ნაწილია, რომელმაც ბალკანეთის ეს სახელმწიფო მაისის ბოლოდან მოიცვა.
პროტესტის უშუალო მიზეზი დაახლოებით 1,4 მილიარდი ევროს ღირებულების ტურისტული პროექტი გახდა, რომელიც კუნძულ სასანზე და ზვერნეცის მახლობლად, ნარტას ლაგუნის გასწვრივ მდებარე სანაპირო ზოლში უნდა განხორციელდეს. ნარტას ლაგუნა ფლამინგოების დაცული საბინადრო გარემოა. პროექტის მთავარი ინვესტორი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერია.
მას შემდეგ, რაც სანაპირო ზოლი შემოღობეს, 23 მაისს ადგილობრივი სოფლების მცხოვრებლებმა საპროტესტო აქციები დაიწყეს, 30 მაისს კი დემონსტრანტებს კერძო დაცვის სამსახურის თანამშრომლები დაესხნენ თავს. გაზაფხულზე დაწყებულ აქციებს უკვე უწოდეს „ფლამინგოების რევოლუცია“.