ალბათ, საჭიროა, მან სასწრაფოდ აიყვანოს ადვოკატი - წულუკიანი ზურაბიშვილზე

პუბლიკა

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი ინტერვიუ შეაფასა.

„ინტერვიუში (და, ალბათ, საჭიროა, მან ადვოკატი სასწრაფოდ აიყვანოს) თქვა ის, რაც მას ძალიან შეასუსტებს დავისას. რეალურად, მეორე მხარეს მისცა არგუმენტები. პრეზიდენტმა გუშინ აღიარა, რომ ის სცილდება თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს და უარს ამბობს ამა თუ იმ ელჩის დანიშვნაზე“, – თქვა თეა წულუკიანმა.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ საქართველოს ჯერ არ ჰყოლია პრეზიდენტი, რომელსაც კარგად ესმის თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილებები.

„ჩვენ ჯერ ვერ შევიძინეთ ისეთი პრეზიდენტი და ეს არავის ბრალი არ არის, გარდა ჩვენივე თავისა, რომ ვერ ვიყოლიეთ საქართველოს ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც ესმის, რა არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებები ისეთ მოდელში, როგორც საპარლამენტო მოდელია.

რომელი პრეზიდენტიც კი გვყოლია, ამჟამინდელის ჩათვლით და ბევრი არ გვყოლია ჯერ საპარლამენტო მოდელში, ყველას აქვს გარკვეული კომპლექსი და მე ამას კონსტიტუციურ კომპლექსს დავარქმევდი.  ისინი თავს წარმოაჩენენ კანდიდატებად და უნდათ პრეზიდენტობა, მაგრამ როდესაც ხდებიან პრეზიდენტები საპარლამენტო მოდელში, თვლიან, რომ ეს კონსტიტუცია მათ საქმიანობას გასაქანს სათანადოდ არ აძლევს.

ამიტომ, ჩემი რჩევა იქნებოდა 2024 წლისთვის პოტენციური კანდიდატების მიმართ, თუ დააპირებთ ვინმე პრეზიდენტობას, მოდით, ჯერ წაიკითხეთ საქართველოს კონსტიტუცია“, – ამბობს თეა წულუკიანი.


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ საზოგადოებრივ  მაუწყებელთან ინტერვიუში ხელისუფლების მიერ წარდგენილ საკონსტიტუციო სარჩელზე ისაუბრა, რომელიც კომპეტენციების გამიჯვნას შეეხება. ის აცხადებს, რომ ელჩების დანიშვნის ნაწილში მან ელჩების წარდგენის 37 განცხადებიდან 36 განცხადებას მოაწერა ხელი, გარდა გაეროში დავით ბაქრაძის წარდგინების განცხადებისა.