ალბათ წონაში მოიმატა და უნდა გახდეს - რიჟვაძე აჭარის ტელევიზიის წინ მოშიმშილეზე

პუბლიკა

„ეს არის ჩვეულებრივ პოლიტიკური შოუ, ევრონაცებიდან. ამ შიმშილობის მიზანი არის ორი – ერთი პოლიტიკური შოუ, მეორე ალბათ წონაში მოიმატა და უნდა გახდეს, – ასე უპასუხა აჭარის  მთავრობის  თავმჯდომარემ „ბათუმელების” კითხვას აჭარის ტელევიზიის წინ მოშიმშილე  აქტივისტზე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობის წინ საზოგადოებრივი მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ აქტივისტმა, ალექსანდრე მილორავამ აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადადგომის მოთხოვნით რამდენიმე დღეა შიმშილობა დაიწყო.

„დირექტორის ვადა ამოიწურა. მან არ გააკეთა დადებითი განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ გადამდგარიყო. ამიტომ ჩვენ უკვე მივმართავთ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს, მოვითხოვთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ დააყენოს დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი და კოხრეიძე გადააყენოს დაკავებული თანამდებობიდან. ამასთან დაკავშირებით ვიწყებ შიმშილობას. ასევე, მოვითხოვ,  სამსახურში დააბრუნონ მისი დირექტორობის პერიოდში გათავისუფლებული ჟურნალისტები”, — თქვა ალექსანდრე მილორავამ.