„ალდაგმა“ ავარიაში მოყოლილ Wolt-ის კურიერს ხარჯები 67 000 ლარამდე აუნაზღაურა

პუბლიკა

სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა” ავარიაში მოყოლილი 27 წლის კურიერის, ლევან მძევაშვილის ოჯახს სამედიცინო საჭიროებისთვის 67 000 ლარამდე აუნაზღაურა, – ამის შესახებ „პუბლიკას” კომპანიაში განუცხადეს.

„ჯამში ეფარება 70 000 ლარამდე… სამედიცინო მომსახურების დაფარვას დაემატა შრომისუუნარობის დაფარვაც და ჯამში [70 000-მდე] იღებენ”, – აცხადებენ კომპანიაში.

როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას ლევან მძევაშვილის მეუღლე, ლელა ცქვიტიშვილი აზუსტებს, კომპანიისგან 66 700 ლარი ჩაერიცხათ. როგორც ის ამბობს, აღნიშნული თანხა ოჯახს მკურნალობისთვის აღებული ვალების ნახევრის გადახდაში თუ დაეხმარება, ვინაიდან, მისი ცნობით, მეუღლის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და ძვირადღირებული მედიკამენტები ესაჭიროება.

ანაზღაურების მიღებას ის კომპანია Wolt-ის ირგვლივ მიმდინარე პროტესტს უკავშირებს, რომლის დროსაც ავარიაში მოყოლილი ლევან მძევაშვილის ისტორიას მეტი გამოხმაურება მოჰყვა.


ლევანი ავარიაში გასული წლის 31 მარტს მოჰყვა. მისი მეუღლის ცნობით, მას ქალა-ფუძის მოტეხილობა, კომური მდგომარეობა, გულის აორტის დაზიანება და სხვა დაუზუსტებელი მრავლობითი ტრავმა აქვს.

ოჯახის ცნობით, ავარიის შემდეგ ის რამდენიმე ქართულ კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა, სამკურნალოდ ჰყავდათ წაყვანილი თურქეთშიც, იქიდან დაბრუნების შემდეგ კი თავზე ურთულესი ოპერაციაც ჩაუტარდა.

„ბინა გავყიდეთ, მშენებარეში გვქონდა, დავალომბარდეთ ყველაფერი, ნათესავებიც გვეხმარებიან. რაღაც მცირე ნაწილი საყოველთაო დაზღვევიდანაც დაიფარა. ლევანს პირველი ჯგუფის ინვალიდის სტატუსიც მიენიჭა და პენსია დაენიშნა. სულ ეს არის“, – განაცხადა ცქვიტიშვილმა.

ანგარიშის ნომერი:

  • „საქართველოს ბანკი“ – GE94BG0000000538915307 (ლეილა ცქვიტიშვილი, მეუღლე);
  • „თიბისი ბანკი“ – GE27TB7426745068100019 (მძევაშვილი ნინო, ლევანის და);