ალეკ ბოლდუინის მიერ სარეკვიზიტო იარაღიდან გასროლით ფილმის ოპერატორი დაიღუპა, რეჟისორი კი დაიჭრა

პუბლიკა

მსახიობმა ალეკ ბოდუინმა ფილმის გადასაღებ მოედანზე სარეკვიზიტო იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი დაიღუპა, რეჟისორი კი დაიჭრა.

შემთხვევა ვესტერნის ჟანრის ფილმის, „Rust-ის“ გადასაღებ მოედანზე, ნიუ მექსიკოში, ქალაქ სანტა ფეში მოხდა.

გარდაცვლილია ფილმის ოპერატორი ჰალინა ჰატჩინსი, დაჭრილი კი ფილმის რეჟისორი, ჯოელ სოუსაა.

ამერიკული მედიის ცნობით, დაჭრილი ჰატჩინსი კლინიკაში გადააფრინეს, სადაც მისი სიკვდილი დააფიქსირეს. სოუსას მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ.

ბონანზა კრიკის რანჩოზე, სადაც გადაღება მიმდინარეობდა, პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. შერიფის ოფისის ინფორმაციით, სროლასთან დაკავშირებით ბრალი ჯერ არავისთვის წაუყენებიათ.

რაც შეეხება ალეკ ბოლდუინს, სანტა ფეს შერიფის ოფისის განცხადებით, ის გამომძიებლებს უკვე ესაუბრა და ინტერვიუს დასრულების შემდეგ შენობა დატოვა.