ალეკო ელისაშვილისა და „ქართული ოცნების“ შეხვედრა დასრულდა

პუბლიკა

პარლამენტში პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრიდან გამოსულმა ალეკო ელისაშვილმა მედიას განუცხადა, რომ „ქართული ოცნებასთან“ მოლაპარაკების 4-ივე პუნქტზე იმსჯელეს.

„რა თქმა უნდა, ყველაზე მძიმე იყო პოლტმაპტიმრების საკითხი“, – განაცხადა მან. ელისაშვილი ირწმუნება, რომ ის და ლევან იოსელიანი ამ საკითხს საუბრის დროს არაერთხელ დაუბრუნდნენ და პრინციპულად მოითხოვნენ, თუმცა, მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არ აღიარებს პოლიტპატიმრების არსებობას.

„დღეს ჩვენ აქ საბოლოო შეთანხმებისთვის არ მოვსულვართ. უბრალოდ, პოზიციის გასარკვევად და დასაზუსტებლად მოვედით.

გაირკვა, რომ სააჩევნო კანონმდებლობასთან და ადმინისტრაციასთან დაკავშირებით როგორც წინა რაუდებზე იყო მზაობა, რომ სერიოზულ დათმობებზე წავიდეს „ქართული ოცნება“, ახლაც დადასტურდა ეს მზაობა. პუნქტობრივად მივყვებოდით რეფორმის თითოეულ საკითხს. რამდენიმე დეტალი რჩება შეუთანხმებელი. ეს დეტალებია, როცა შევთანხმდებით, გეტყვით.

…რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ისევ ის პოზიცია აქვს „ქართულ ოცნებას, რომ უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც თუ დაადასტურებს 1%-იან ცდომილებას, მზად არიან, რიგგარეშე დანიშნონ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

„მოქალაქეების“ კიდევ ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, თუმცა რიგ საკითხებზე პოზიციები დაახლოვდა. ამიტომ „ოცნებასთან“ შეხვედრები გაგრძელდება.

„საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არის დეტალები, რომლებიც ჩვენთვის ასევე პრინციპულია, არის პოლიტპატიმრების საკითხი“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისი თქმით, თუ შეთანხმებას ორივე მხარე ხელს არ მოაწერს, „მოქალაქეების“ პარლამენტში შესვლა გამორიცხულია.

იოსელიანი ამბობს, რომ თუ ჩაინიშნება მოლაპარაკებების V რაუნდი ელჩების ჩართულობით, მასში მისი პარტია მონაწილეობას მიიღებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის ინფორმაციით, „მოქალაქეებთან“ პოზიციები საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით იმდენადაა დაახლოებული, რომ ეს, შესაძლოა, გახდეს შეთანხმების საგანი და მისი შეფასებით, დასრულდეს პოზიტიური შედეგით – პარლამენტში შევიდეს კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია.

„მე შემიძლია გითხრათ ის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საარჩევნო რეფორმას ეხება. მოგეხსენებათ, ეს არის, პირველ რიგში, ბარიერის დაწევის საკითხი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ეს არის უფრო დაზუსტებული რეგულაციები საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით, ეს არის ახალი ტექნოლოგიების შემოტანა საარჩევნო პროცესში, როგორიც არის, მაგალითად, ელექტრონული მთვლელების გამოყენება და როგორიც არის, მაგალითად, თითის ანაბეჭდებით რეგისტრაცია.

სხვა მნიშვნელოვანი საკითხები ეხება, რა თქმა უნდა, ცესკო-ს დაკომპლექტების წესს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, რომლებიც პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობს და პარლამენტში შესულია, იყოს იქ წარმოდგენილი. სხვა არაერთი საკითხი დგას დღის წესრიგში.

დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მოლაპარაკების შედეგად ჩვენ შევძლებთ შეთანხმებას. რა თქმა უნდა, ეს შეთანხმება ღიაა სხვა პოლიტიკური პარტიებისთვისაც“, – განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძემ განცხადება, ე.წ. პოლიტიკური პატიმრების თემაზეც გააკეთა.

„ეს არის მართლმსაჯულების საკითხი. გუშინ ჩვენ ვნახეთ ძალიან სერიოზული ახალი მტკიცებულებები, რაც კიდევ უფრო სერიოზულ წონას აძლევს კითხვებს, რაც საზოგადოებაში არსებობს. დავით გარეჯის თემა არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი. კითხვებს ობიექტური და მიუკერძოებელი პასუხები უნდა გაეცეს და ეს გამოძიებამ უნდა გააკეთოს. საბოლოო გადაწყვეტილება კი, სასამართლომ უნდა მიიღოს. აქ ვერცერთი პოლიტიკოსი, მათ შორის ვერც უმრავლესობის წევრი თავს უფლებას ვერ მისცემს, რომ ამ საქმეზე რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან საკითხი პოლიტიკურ მოლაპარაკებებში არ განიხილება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, თუ შეთანხმება შედგება, ეს შეთანხმება ღია იქნება ხელმოსაწერად სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც.

„რჩება ერთი კვირა, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე საკუთარ გადაწვეტილებებსა და მოლაპარაკებების პირობებს გადახედონ და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ“, – განაცხადა თალაკვაძემ.