პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.
ალეკო ელისაშვილს პროკურატურა ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავებოდა. ის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
განაჩენი დახურულ სხდომაზე გამოცხადდა. ადვოკატებისთვის ორშაბათს მიწოდებული ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილს დღეს საბოლოო სიტყვის თქმის უფლება არ ექნებოდა, თუმცა მოსამართლემ მას საბოლოო სიტყვით სარგებლობის უფლება მისცა.
ვრცელი გამოსვლის დასასრულს ალეკო ელისაშვილმა ირაკლი კობახიძესა და მამუკა მდინარაძეს შეაგინა, რის შემდეგაც მოსამართლემ ის დარბაზიდან გააძევა. სხდომა დაატოვებინეს დამსწრეებსაც, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს.
„პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, ბევრი შეცდომა დავუშვი. ჩემი მთავარი შეცდომა ის იყო, პარლამენტში რომ შევედი, ვცდილობდი, რაღაცა სხვა პოლიტიკური კულტურა შემექმნა და შეურაცხყოფის გარეშე მელაპარაკა პირველი სამი წელი, სანამ ამ რუსულ კანონს შემოიტანდნენ, რომ მეთქი, აი, მოდი, კონსტრუქციული ოპონირების კულტურა შევქმნათ-მეთქი მარა, თურმე, სად ბანაობ…
ახლა იმას ვნანობ, ყოველდღე რატომ არ ვცემდი პაპუაშვილს და მაგ […] სხვათა შორის, მინდა, ძაან გავამხნევო გახარიას ხალხი. ძაან ვაჟკაცები იყვნენ. ციხეშიც არაჩვეულებრივი გამოხმაურება ჰქონდათ, ძაან ღირსეულები იყვნენ, ძაან ყოჩაღები იყვნენ, სულ იმას ვიძახდი და სხვებიც მეუბნებოდნენ, რომ რატომ არ ვიყავი, გორდულაძეს მაინც გავაბრტყელებდი, გადმოვიღებდი… ამათთან პოლიტიკური კონსტრუქციულობით კი არ უნდა მელაპარაკა, ისე უნდა მელაპარაკა, როგორც იმსახურებენ.
ჩემთვის არის ერთი მთავარი რაღაცა და ძაან კარგად ვიცი, რომ ერთხელ დავიბადე და ერთხელ მოვკვდები. ჩემთვის არის მთავარი ერთი რამ, რომ მამაჩემი და ჩემი შვილები ჩემით ამაყობენ და კობახიძის და მდინარაძის დედაც მოვ***! უკრაინას გაუმარჯოს, საქართველოს და დედის***ნა რუსეთს!“, – თქვა ელისაშვილმა.
მანამდე ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვა თქვეს და ისაუბრეს ალეკო ელისაშვილის პიროვნებაზე, წარდგენილ ბრალსა და კვალიფიკაციაზე. დაცვის მხარემ ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია, ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია და ეს საქმე ემსახურება მის პოლიტიკურად განეიტრალებას.
ადვოკატებმა ელისაშვილისთვის წარდგენილი მუხლის გადაკვალიფიცირება მოითხოვეს.
პროკურატურის მტკიცებით, „29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული, ნიღბიანი ალექსანდრე ელისაშვილი მივიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.
შენობაში უკანონო შეღწევის შემდეგ, შიდა სივრცის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე ალექსანდრე ელისაშვილმა დაასხა დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა“.
ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ აღძრულია კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე – მას ტერორისტული აქტის ჩადენას ედავებიან. საუბარია სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენის საქმეზე.
პროკურატურის მტკიცებით, „წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებულმა ალექსანდრე ელისაშვილმა“ სასამართლოს არქივის შენობაში ხანძარი 2025 წლის 4 მაისს გააჩინა.