„მოქალაქეების“ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს, რომელსაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმმა სცემა, პოლიციის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.
სასამართლო სხდომა საქალაქო სასამართლოში დღეს მიმდინარეობს.
ადვოკატის ცნობით, სამართალდარღვევის ოქმი 9 ივლისსაა შედგენილი.
„აღსანიშნავია, რომ პარლამენტის მოქმედი წევრის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობისთვის, ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ, იმის მიუხედავად, რომ არსებობს ვიდეომტკიცებულებები, სადაც ნათლად ჩანან ძალადობაში მონაწილენი“, – ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაში.
ადმინისტრაციული კოდექსის ამავე მუხლებს ედავებიან სპეცრაზმის მიერ სასტიკად ნაცემ დავით ქაცარავას. მისი სამართალდარღვევის ოქმი 2 ივლისს შეადგინეს, 5 ივლისს კი პროცესი გაიმართა.