ალექსანდრე ერქვანიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

პუბლიკა

ალექსანდრე ერქვანიამ პარტია „ქართული ოცნება“ და უმრავლესობა დატოვა. ერქვანია ამბობს, რომ დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში განაგრძობს საქმიანობას.

„ვიცი და ვგრძნობ, როგორ დისკომფორტს განიცდით ჩემი განცხადებებისა და პოზიციების გამო, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დღეიდან მოგიხსნათ ეს უხერხულობა.  ვტოვებ  „ქართულ ოცნებას“ და საპარლამენტო უმრავლესობას, ვრჩები დამოუკიდებელ დეპუტატად“ – განაცხადა ერქვანიამ პლენარულ სხდომაზე.

ერქვანიამ აღნიშნა, რომ ხელისუფლების უმოქმედობამ ხელი შეუწყო ეკლესიის მიმართ მტრულად განწყობილ ძალებს.

„სამწუხაროდ. ხელისუფლების  დუმილმა, უმოქმედობამ და ზოგიერთების მხრიდან ფარულმა მხარდაჭერამ ხელი შეუწყო ეკლესიის მიმართ მტრულად განწყობილ ძალებს, წლების განმავლობაში ებრძოლათ ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ, ამიტომ დღეს ხელისუფლების მხრიდან ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ  მხარდამჭერი განცხადებები წინასაარჩევნო თვალთმაქცობაა“,– თქვა ერქვანიამ.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გააცნობიერა, რომ ეკლესია და საქართველო განუყოფელია. ამასთან, ალექსანდრე ერქვანიამ საქართველოს ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს მადლობა გადაუხადა ეკლესიის მხარდაჭერისთვის.