ალექსეი ნავალნი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს - Meduza

პუბლიკა

ნიუ ჯერსის რატგერსის უნივერსიტეტის მკვლევარ სერგეი ეროფეევის თქმით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. ინფორმაციას რუსული გამოცემა Meduza ავრცელებს.

ეროფეევის თქმით, ნავალნის წარდგენაში აღიარებული უნივერსიტეტების არაერთმა პროფესორმა მიიღო მონაწილეობა. მას არ დაუკონკრეტებია პროფესორების სახელები, თუმცა განაცხადა, რომ მათ შორის ცნობილი მეცნიერებიც არიან.

რუსი პოლიტიკოსი, ოპოზიციონერი, ბლოგერი, ანტიკორუფციული მოძრაობის წევრი ალექსეი ნავალნი რუსეთში 20 აგვისტოს მოულოდნელად გახდა ცუდად და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ომსკის საავადმყოფოში მოთავსებული ნავალნი კომაში იყო, მისი პრესსპიკერი კი ამტკიცებდა რომ ნავალნი მოწამლეს.

22 აგვისტოს ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს. 2 სექტემბერს კი გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პოლიტიკოსი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერებით იყო მოწამლული. ნავალნი გადარჩა და რამდენიმე დღის წინ ხელოვნური სუნთქვის აპარატიდანაც მოხსნეს.

რაც შეეხება ნობელის პრემიაზე წარდგენას, რუსული გამოცემა „მედუზას“ მიხედვით, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია დამოუკიდებელი რუსეთის ისტორიაში არავის მიუღია. საბჭოთა კავშირის პერიოდში კი, ორი რუსი გახდა მისი ლაურეატი – ანდრეი სახაროვი 1975 წელს და მიხეილ გორბაჩოვი 1990 წელს.