ალიევის განცხადება იყო იმედისმომცემი. საქართველოს წარსულშიც შეუსრულებია მედიატორის როლი - დეგნანი

პუბლიკა

„ილჰამ ალიევის განცხადება იყო ძალიან დადებითი, იმედისმომცემი და საქართველოს წარსულშიც შეუსრულებია ეს [მედიატორის] როლი“,- განაცხადა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ალიევის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მან აღნიშნა, რომ: „დღეს გვაქვს ასევე საშუალება, რომ კონსულტაციები გავმართოთ აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის. თუ სომხეთი მზად იქნება, ჩვენ მზად ვართ, რომ დღესვე ავამოქმედოთ ეს ფორმატი.“

„რაც შეეხება საქართველოს როლს, როგორც მედიატორისა, ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად, ერთი წლის წინ, როდესაც აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის შემდგომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა და საქართველომ შეასრულა როლი, როდესაც გათავისუფლდნენ დაკავებულები და ეს იყო წარმატებული ისტორია საქართველოსი, როგორც მედიატორისა ამ პროცესში. თუმცა, გარდა ამისა, არსებობს უამრავი სხვადასხვა სფერო, რაშიც შეიძლება თანამშრომლობა და უფრო მეტი საუბარი ამ ქვეყნებს შორის, ეს იქნება ენერგეტიკა, ეკონომიკა, თუ სხვადასხვა სფერო, რაც შეიძლება, ამ ურთიერთთანამშრომლობით გაუმჯობესდეს“,- განაცხადა დეგნანმა. [„პირველი არხის“ თარგმანი]

საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ილჰამ ალიევმა და ირაკლი ღარიბაშვილმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს. სიტყვით გამოსვლისას ილჰამ ალიევმა თქვა, რომ ცდილობენ სომხეთთან კონფლიქტის მოგვარებას და ამას ესაჭიროება სამშვიდობო შეთანხმება.

ალიევის თქმით, მათ სამშვიდობო შეთანხმებისთვის სომხეთს გაუზიარეს ძირითადი პრინციპები და ახლა ერევნის პოლიტიკურ ნებაზეა ყველაფერი დამოკიდებული. ერევანზეა დამოკიდებული ასევე ისიც, ამოქმედდება თუ არა სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის თანამშრომლობის ფორმატი.

LB loan image desktop LB loan image mobile