საქართველოში რეგისტრირებული ღიად კრემლისტური პარტიის ლიდერი მამუკა ფიფია აქვეყნებს თელავში, ქორწილში მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი რუსი ქალის, ალიონა ნესტერიუკის კომენტარს.
ნესტერიუკი უარყოფს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ბრალდებებს, რომლებიც მასა და სასტუმროში მყოფ სხვა რუს სტუმრებს ეხება. მისი თქმით, საქართველოში არაერთხელ ყოფილა და მსგავსი შემთხვევა არასდროს გადახდენია.
„საქართველოში უკვე დაახლოებით მერვედ ვარ. ასეთი პრობლემები არასდროს ყოფილა. ცხოვრებაში პირველად გადამხდა ასეთი რამ, ჩემს მიმართ ასეთი დამოკიდებულება“, – თქვა მან.
ნესტერიუკის თქმით, ის და მისი კიდევ ოთხი ქალი სასტუმროში მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
„არ ვთვლი, რომ რამე ფორმით პროვოცირება მოვაწყვეთ, არ გაგვიკეთებია ის რაღაცები, რასაც ინტერნეტში წერენ – ანუ იქ არაფერი შეგვისხამს, ვედრო არ გადაგვიღვრია და ა.შ. ჩამოვედით დაქალის დაბადების დღის აღსანიშნავად, ხუთი გოგო ვიყავით. მხოლოდ გოგოები, კაცები არ იყვნენ. ამასთან, სხვა ადამიანებიც აღნიშნავდა დღესასწაულს, ქორწილი ჰქონდათ. მთელი პატივისცემით, ჩვენც მეგობრის დაბადების დღეს აღვნიშნავდით, შესაბამისად, დაახლოებით 8:15 საათიდან შევედით [სასტუმროს ნომერში] და იმ წუთიდან, რაც შევედით, აღნიშვნა დავიწყეთ. შამპანური გვქონდა, ბოთლი გავხსენით. შესაბამისად, შესაძლოა წვეთები მოხვდათ, როგორც ისინი ამბობენ, როგორც მეორე მხარე ამბობს, თუმცა თუ შეხედავთ… ნუ, ეგ პრინციპში არარეალურია, იქ გადახურვაც არის, ბალკონიც, არსად გავასულვართ. ანუ მხოლოდ ფანჯრიდან ვიყურებოდით და ამიტომ, შესაძლოა, ორ მხარეს შორის რაღაც გაუგებრობა მოხდა“, – ამბობს ნესტერიუკი.
ქალი ასევე ამბობს, რომ „შესაძლოა, იყო რაღაც სიტყვიერი პოლემიკა, მაგრამ ცალსახად, 100%-ით, ჩვენს მხარეს, ჩვენს გოგოებს ვულგარულად არ გამოუხატავთ თავი, არ იგინებდნენ, არ ჩხუბობდნენ“.
„მეორე მხარემ დაიწყო ჩხუბი პირველ რიგში, ეს ყველგან ჩანს, ვიდეოშიც. ჩვენს გოგოებს საერთოდ არ გამოუხატავთ აგრესია, არ მიუყენებიათ შეურაცხყოფა – არც ერთ შემთხვევაში, არც ერთი ქვეყნისთვის, არც ერთი ადამიანისთვის, პირადზე არასდროს გადასულან, 100%-ით გეუბნებით“, – ამბობს ის.
ქალი ასევე ამბობს, რომ კაცს კარი გაუღეს, რადგან მენეჯერი ეგონათ.
„მენეჯერი მანამდეც შემოვიდა ჩვენთან. ვთხოვეთ, კონფლიქტი მოეგვარებინა – სხვათა შორის, ის ჩვენთან ოთახში დაცვის თანამშრომელთან ერთად იმყოფებოდა. ვთხოვდით დახმარებას, რადგან ეს სიტუაცია ჩვენთვისაც მიუღებელი იყო, ჩვენც სტუმრები ვართ, ჩვენც მთელი პატივისცემით ჩამოვედით ამ ქვეყანაში, არც პირველად ვართ და ვიცით, როგორ მოვიქცეთ აქ.
მე საერთოდ ოთახში ვიყავი. ინციდენტი რომ მოხდა, უბრალოდ გოგოების დასაცავად წამოვდექი, რადგან ის ოთახში შემოიჭრა. მათ კარები გააღეს, რადგან მენეჯერი ეეგონათ, რადგან მენეჯერი მანამდეც შემოვიდა ჩვენთან ერთხელ. ვთხოვეთ, კონფლიქტი მოეგვარებინა – სხვათა შორის, ის ჩვენთან ოთახში დაცვის თანამშრომელთან ერთად იმყოფებოდა. ვთხოვდით, რადგან ეს სიტუაცია ჩვენთვისაც მიუღებელი იყო, ჩვენც სტუმრები ვართ, ჩვენც მთელი პატივისცემით ჩამოვედით ამ ქვეყანაში, არც პირველად ვართ და ვიცით, როგორ მოვიქცეთ აქ“.
რუსეთის მოქალაქე სასტუმროს ადმინისტრაციასაც აკრიტიკებს. მისი შეფასებით, „ადმინისტრაციას არაფერი გაუკეთებია კონფლიქტის მოსაგვარებლად”.
„გვეუბნებოდნენ, ფანჯრიდან ნუ იყურებით, უკან შედითო, თუმცა ჩვენც სტუმრები ვიყავით. სასტუმროს ბოდიშიც არ მოუხდია“, – ამბობს ნესტერიუკი.
მისივე თქმით, პოლიციამ ის შემთხვევიდან მეორე დღეს დაკითხა. მანამდე ის თავის ადვოკატს ელოდებოდა. ნესტერიუკი ამბობს, რომ სამართალდამცველების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება არ უგრძნია.
19 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს გიორგი ჭიღლაძე.
დაკავებას წინ უძღოდა კონფლიქტის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელება სოციალურ ქსელებში. ვიდეოში ჩანს, რომ ჭიღლაძე სასტუმროს ნომერში მყოფ რუს ქალს ეკამათება, შემდეგ კი სახეში ხელს ურტყამს. ვიდეო რუსეთის მოქალაქეებმა გაავრცელეს და კონფლიქტის დაწყების მიზეზად მათ მიერ რუსულად ლაპარაკი დაასახელეს.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ უძღოდა რუსი ქალების მხრიდან სასტუმროში მიმდინარე ქორწილის სტუმრების შეურაცხყოფა.
შსს-ის განცხადების თანახმად:
„მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს.
დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია“, – ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე – ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებულის ადვოკატის, ლაშა კაპანაძის თქმით, ქალმა ყელის არეში დაზიანება თავად ჭიღლაძესაც მიაყენა. „გიორგი ჭიღლაძე რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლია, თავადაც დაზარალებული“,- წერს ადვოკატი. არსებული ინფორმაციით, დაკავებული სიძის ძმაა.
შსს-მ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო ქორწილში დაქირავებული მომღერლის, ალექსანდრე მრელაშვილის მიმართაც, რომელიც პოლიციაში მოწმის სახით დაიბარეს.
შსს-ის განცხადებით, თელავის პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობდა მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილის გამოკითხვა.
„მან გამოკითხვაზე ბოლომდე დარჩენა არ ისურვა, რა დროსაც პოლიციელებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და პირადი ნივთების შესანახი კარადა დააზიანა. აღნიშნულ ფაქტზე მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ის დაკავებული არ არის“, – განაცხადა შსს-მ.