„რაც მესტიაში მოხდა, სტიმულია, გავისტუმრებთ აქედანაც" - პროტესტი „ალტ-ინფოს" პარტიას რეგიონებში

პუბლიკა

მესტიასა და ამბროლაურში „ალტ-ინფოს“ პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის გახსნას პროტესტი მოჰყვა. ქვეყნის მასშტაბით პრორუსული და ჰომოფობიური  ორგანიზაციის პარტიას ამ ეტაპზე 60 ოფისი აქვს. იყო რეგიონები, სადაც მათი ოფისები პროტესტის ნიშნად შეღებეს.

მესტიაში 1 მარტს ოფისთან ადგილობრივები შეიკრიბნენ და პროტესტის ნიშნად კვერცხები დაუშინეს. მომხდარს დღეს გაგრძელება მოჰყვა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სამთო მაშველი ნატა ჯაფარიძე ამბობს, რომ „ალტ-ინფოს“ პარტიის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მათთან დაახლოებულმა ჯგუფმა აქციის მონაწილეებს სცემეს.

ამასთან, როგორც ამ ეტაპზე საზოგადოებისთვის არის ცნობილი, მესტია პირველი რეგიონია, სადაც მესაკუთრე მათთვის ფართის მიქირავებაზე უარს ამბობს.

იური რატიანი „პუბლიკასთან“ აცხადებს, რომ „კონსერვატიულ მოძრაობასთან“ ქირავნობის ხელშეკრულების გაწყვეტა უნდა. მისი თქმით, პრორუსულ პარტიას სივრცეს არ დაუთმობს.

„ვცდილობ, რამენაირად შევწყვიტოთ ხელშეკრულება. ნელ-ნელა ვალაგებ სიტუაციას. მინდა, რომ ხელშეკრულება მშვიდობიანად შევუწყვიტო… ხელშეკრულება უნდა გამომიგზავნონ; გადავხედო; იურისტებს შევახედო, რა, როგორ და რანაირად“, – ამბობს ის.

მისი თქმით, თავიდან არ იყო ინფორმირებული, რომ დაქირავების მსურველი „ალტ-ინფოს“ პარტია იყო. მისივე განმარტებით, გაქირავებაში თავად ჩართული არ არის ხოლმე. ვისზეც მინდობილი აქვს მესტიაში ეს ფართი, მან დაურეკა და ჰკითხა, თუ გააქირავებდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ საუბარი „კონსერვატიულ მოძრაობაზე“ იყო.

რატიანი ამბობს, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც ხელშეკრულების გაწყვეტა სურს, პარტიის პრორუსული ორიენტაცია და უკრაინასთან დაკავშირებით მათი პოზიცია გახდა.

„მთელმა საქართველომ იცის, რომ მე პრორუსული ძალა არ ვარ. პლუს ამას, უკრაინის გამოც. თავმოყვარე ადამიანმა როგორ უნდა იკადროს, რომ უკრაინის ამბებზე ერთი-ორი დადებითი სიტყვა არ თქვას და პროტესტი გამოუცხადოს. აი, ამიტომ. გავბრაზდი“, – ამბობს ის.

„კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის გახსნა გააპროტესტეს ამბროლაურშიც. შემთხვევა 27 თებერვალს მოხდა. აქციის ორგანიზატორი ეთო არსანიძე იყო. მისი გადმოცემით, ადგილზე დაპირისპირებაც მოხდა, ევროკავშირის დროშისა და რუსეთის პროპაგანდისთვის მოღალატეებად წოდების გამო.

როგორც არსანიძე „პუბლიკას“ უყვება, ამბროლაურში „ალტ-ინფოს“ პარტიის მიმართ მზარდი პროტესტია და მანამდე არ გაჩერდებიან, სანამ მიზანს არ მიაღწევენ.

„საჭირო საინფორმაციო ინვენტარს ვკრებ, რომ მთლიანად ამბროლაურის მოსახლეობაში, სოფლებში ინფორმაცია გავავრცელოთ ამ პარტიის რაჭაში შემოსვლასთან დაკავშირებით – ორგანიზება გავუწიოთ უფრო ფართომასშტაბიან აქციას. რა თქმა უნდა, აქციები არ იქნება ერთჯერადი და ორჯერადი. სანამ ეს პარტია იქნება ამბროლაურში, მანამდე გაგრძელდება პროტესტი. რომ დაგვჭირდეს, შეიძლება, კარვებიც კი გავშალოთ მათი ოფისის წინ. პროტესტი მზარდია. ჩვენ ცოტა დინჯი ხალხი ვართ, სვანებივით ემოციურად ვერ ვქენით, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ის, რაც სვანეთში მოხდა, ჩვენთვის დიდი სტიმულია და ვიბრძოლებთ, რომ მაგას მივაღწიოთ. იმედი მაქვს, ამ დაჯგუფებას ამბროლაურიდან მალე გავისტუმრებთ“, – ამბობს არსანიძე.

„კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, კონსტანტინე მორგოშიას მიაჩნია, რომ პროტესტი მათ მიმართ იმის მანიშნებელია, რომ „პარტია სწორ ნაბიჯებს დგამს“. მისივე თქმით, ოფისების გახსნა გაგრძელდება და პარტია კურსს არ გადაუხვევს.

„ჩვენ 60 ფილიალი გვაქვს გახსნილი, ამ დღეებში კიდევ ვგეგმავთ. არცერთი დღით არ გადაგვიხვევია ჩვენი მიზნიდან და კურსიდან… ეს გვაჩვენებს იმას, რომ ე.ი. სწორი მიმართულებით ვვითარდებით, რადგან პროტესტი არსებობს. ეს ჩვენ პირიქით გვახარებს [პროტესტი], რადგან ე.ი. სწორ ნაბიჯებს ვდგამთ. 64 რეგიონია და ეს ოთხიც გაიხსნება რამდენიმე დღეში. დამატებით, პირიქით, რამდენიმეს ჩავამატებთ კიდეც“, – ამბობს მორგოშია „პუბლიკასთან“.

რაც შეეხება მესტიის ოფისს,  თავდაპირველად მორგოშია ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებდა, იური რატიანის კომენტარის გაცნობის შემდეგ კი აღნიშნა: „ხო, არ ვიცი. მე რა ინფორმაციაც მქონდა, ის გითხარით”. მისივე ცნობით, ამ ეტაპზე ოფისი მუშაობას ჩვეულებრივ აგრძელებს.