„ალტ-ინფოს" წევრები პარტიას ქმნიან | „რამდენიმე დღეში იქნება ყრილობა"

პუბლიკა

5 ივლისის ძალადობრივი აქციის მონაწილე კონსტანტინე მორგოშია ამბობს, რომ ძალადობრივი, ჰომოფობიური, ულტრამემარჯვენე ორგანიზაცია„ალტ-ინფოს“ წევრები  პარტიას აფუძნებენ და უახლოეს მომავალში სადამფუძნებლო ყრილობაც გაიმართება.

როგორც ის „პუბლიკასთან” საუბრისას აცხადებს, შეგროვებულია პარტიის რეგისტრაციისთვის საჭირო ხელმოწერებიც.

„რამდენიმე დღეში იქნება პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა. დაახლოებით 1 კვირა-10 დღის განმავლობაში. ხელმოწერები დიდი ხანია, შეგროვებულია. 1000 ხელმოწერაა საჭირო, რომ პარტია დაარეგისტრირო.

ხედვებსა და გეგმებზე ყრილობაზე იქნება საუბარი… გუნდი ახალგაზრდულია, პოლიტიკაში გაუხრწნელი. სუფთა ხალხი“, – ამბობს მორგოშია.

3 ნოემბრის გადაცემაში „ალტ-ანალიტიკა“ ინტერაქტივის ფორმატში წამყვანებს ჰკითხეს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.

შეკითხვაზე: ვადამდელი მაინც თუ დაანიშნინეს, თქვენ რას აპირებთ? შოთა მარტინენკო პასუხობს: „ჩვენ უნდა შევქმნათ პარტია და ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა. ამას ვაპირებთ მასეთ შემთხვევაში”.

13 ნოემბრის გადაცემაში ზურაბ მახარაძე ამბობს:

„მინიშნების სახით ვიტყვი, რომ მალე მოხდება გარკვეული მოვლენა, რომელიც ამ გაჭედილ სიტუაციაში გარკვეულ ცვლილებებს შემოიტანს. დღეების ამბავია ეს და არა თვეებისა და წლების”. თუ რა ცვლილებებს გულისხმობდა ის, აღარ დაუკონკრეტებია.


შპს „ალტ-ინფო“ 2019 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა და მისი დირექტორი შოთა მარტინენკოა. კომპანიის 50-50%-იან წილს შოთა მარტინენკო და ციალა მორგოშია ფლობენ. „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული კიდევ ერთი ორგანიზაცია ა(ა)იპ „ალტერნატივა საქართველოსთვის“ 2019 წლის 30 იანვარს დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრის მიხედვით, ორგანიზაციის გამგეობის წევრები არიან კონსტანტინე მორგოშია (თავმჯდომარე), ზურაბ მახარაძე (თავმჯდომარის მოადგილე), შოთა მარტინენკო, ირაკლი ყიზილაშვილი და რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე გიორგი ქარდავა. ორივე ორგანიზაციის საკონტაქტო ელექტრონულ ფოსტად მითითებულია altinfocom@gmail.com.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის მიხედვით, დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.

კანონის მიხედვით, დამფუძნებელი ყრილობა იღებს პარტიის წესდებას. პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინება სხვადასხვა დოკუმენტი, მათ შორის წესდება. სწორედ ამის შემდეგ უნდა მოხდეს პარტიის მიზნების შეფასება და გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე თანხმობის შესახებ.