„ალტერნატიული პროცესი ვნებს 12 პუნქტის შესრულებას" | რა პოზიცია აქვს 3 საპარლამენტო პარტიას

პუბლიკა

ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულების გზებზე ოპოზიციისა და საპარლამენტო უმრავლესობის პარალელური სამუშაო პროცესი გრძელდება.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი დღეს, 26 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით გამართულ შეხვედრას ესწრება.

საქართველოში „პოლიტიკური მტრობის დაძლევის“ საკითხზე პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის დიალოგის შეხვედრაზე „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციების წევრები, ასევე გახარიას პარტიის წევრი კახა ქემოკლიძე იმყოფებიან.

ოპოზიციის ცნობით, ფორუმზე მიწვეულები იყვნენ მმართველი პარტიის წევრებიც, თუმცა „ოცნების“ არც ერთი წარმომადგენელი შეხვედრას არ ესწრება.

ოპოზიციის ნაწილის მუშაობის პარალელურად პარლამენტში იურიდიულ კომიტეტთან შექმნილი სასამართლო რეფორმებზე სამუშაო ჯგუფი მართავს შეხვედრას. უმრავლესობის წამოწყებულ პროცესებში ოპოზიციიდან „გირჩი“, „მოქალაქეები“, „ევროპელი სოციალისტები“ და გახარიას პარტიის წევრები მონაწილეობენ.

საპარლამენტო ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც 12 პუნქტზე უმრავლესობასთან ერთად მუშაობს, მიაჩნია, რომ ოპოზიციის მეორე ნაწილის მიერ წამოწყებული ალტერნატიული პროცესი 12 პუნქტზე მუშაობას ვნებს.

„ალტერნატიული პროცესი ვნებს 12 პუნქტის შესრულების პროცესს, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს და ამ პარტიებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ამ საერთო განხილვას შემოუერთდეს, რომელიც არის რეგლამენტით გათვალისწინებული და ეს არ არის რაღაცა „ქართულ ოცნებასთან“ ცალკე სასაუბრო ფორმატი. ვინც ამას ამბობს, უბრალოდ არის ტყუილი“, – აცხადებს „მოქალაქეების“ წევრი, ვიცე-სპიკერი, ლევან იოსელიანი.

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტარების პირდაპირი მოწოდება იყო, ოპოზიცია უმრავლესობასთან ერთად ჩართულიყო სამუშაო პროცესში, რომ უმრავლესობას თავის მართლების საშუალება აღარ ჰქონოდა.

„მთავარი მოთხოვნა ევროპელი პარლამენტარების, რომლებიც სულ რამდენიმე დღის წინ იყვნენ, პირდაპირი ტექსტით, ყველას თანდასწრებით, ისე, რომ ყველა ამას იმეორებს, უბრალოდ სიტყვებს არ ამბობენ, რას ეუბნებოდნენ – ეუბნებოდნენ, რომ ნუ აძლევთ „ქართულ ოცნებას“ იმ შესაძლებლობას, რომ შემდგომში თავი გაიმართლონ, პროცესიდან არაფერი რომ არ გამოვიდეს, მხოლოდ იმით, რომ ვიღაცა ოპოზიციური პარტიები მასთან ერთად არ ისხდნენ და ამიტომ ფაქტობრივად ჩავარდა ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული პროცესი.

როცა გვინდა, მაშინ ხომ გვესმის ვიოლა ფონ კრამონის რეკომენდაცია? როცა არ გვინდა, შეგვიძლია, ვერ გავიგოთ, როგორც ჩანს. მე მგონია, რომ ეს არის არასწორი ოპოზიციის პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე“, – აცხადებს მეგრელიშვილი.

გახარიას გუნდის წევრი, კახა ქემოკლიძე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით გამართულ შეხვედრას ესწრება, ამბობს, რომ პარალელური პროცესის წამოწყებით ოპოზიცია სტრატეგიულ შეცდომას უშვებს. პარტია „საქართველოსთვის“ უმრავლესობის წამოწყებულ ფორმატშიც მონაწილეობს.

 „ამ ორ ე.წ. პარალელურ პროცესთან დაკავშირებით სტრატეგიულ შეცდომას უშვებს ოპოზიცია, რადგან საბოლოო ჯამში, მმართველმა პარტიამ, რომელიც უმრავლესობას ფლობს პარლამენტში, უნდა მიიღოს ის ინიციატივები, რომელიც არის დაინიცირებული დღევანდელი მოცემულობით. ამას არ გააკეთებს ის, თუ თვითონ არ იყო მონაწილე.

ჩვენი პარტიის გადმოსახედიდან ორი სტრატეგიული ამოცანა გვაქვს. ერთი, „ქართულ ოცნებას“ არ მიეცეს იმის გაკეთების საშუალება, რაც გააკეთა „19 აპრილის შეთანხმებასთან” დაკავშირებით, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაშვებული შეცდომა გამოიყენა და გარკვეულწილად ისრები მისკენ მიმართა და მეორე, გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ნებისმიერ ფასად მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“, – აცხადებს ქემოკლიძე.

ოპოზიციის ნაწილი კვლავ ამტკიცებს, რომ ხელისუფლება არაფრის გაკეთებას არ გეგმავს და მათი წამოწყებული პროცესი ყალბია.

„ჩვენ ზეინკლუზიური პროცესი შევქმენით. სამოქალაქო სექტორი, აკადემიური წრეები, დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო ექსპერტები, ყველასთან ერთად ვმუშაობთ და მართლაც ჩვენი დევიზია – „საქმე ლაპარაკის ნაცვლად”. მათგან განსხვავებით, რომლებმაც შექმნეს fake-პროცესი, არაფრის გაკეთებას არ აპირებენ და ახლა გაიჭედნენ. სექტემბრისთვის ჩვენ ყველა კანონი დაწერილი გვექნება, მათ კი გაკეთებული არაფერი ექნებათ“, – ამბობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.

ხელისუფლების ოპონენტები პარლამენტის თავმჯდომარეს რიგგარეშე სესიის არჩატარების გამო კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა შალვა პაპუაშვილს „ოცნების“ სპიკერის ჩარჩოდან გამოსვლისა და პარლამენტის სპიკერად გახდომისკენ მოუწოდა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია საგანგებო სესია, კომიტეტები და სასესიო დარბაზი, ეს არის ადგილი, რომელიც უნდა იყოს უპირველესი წყარო 12 პუნქტის განხორციელების“, – ამბობს ხატია დეკანოიძე, ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე.

ოპოზიციის ნაწილის პარალელურ სამუშაო პროცესთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციაა, რომ სამი პარტია ევროპისკენ სწრაფვას საბოტაჟს უწყობს.

„ევროკომისიის მთავარი რეკომენდაციაა ერთობლივად ვიმუშაოთ. ამის ნაცვლად, ოპოზიციის ნაწილი, „ნაციონალური მოძრაობა“, მათი სატელიტები „ლელო“ თუ „სტრატეგია აღმაშენებელი“ რადიკალიზაციის გზას ირჩევენ და უარს ამბობენ ჩვენი მოქალაქეების მიერ გაცხადებულ პერსპექტივაზე ევროპისკენ. პრაქტიკულად, საბოტაჟს უცხადებენ მოქალაქეების სწრაფვას ევროპისკენ, რადგან არ შემოდიან პროცესში, სადაც გვაქვს ვალდებულება, ყველამ ერთად ვიმუშაოთ“, – განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.