„სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ“ - 25 ნოემბერს საპროტესტო მარში გაიმართება

პუბლიკა

ქალთა მოძრაობის, ღამის კლუბებისა და მუსიკალური ფესტივალების წარმომადგენლებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც 25 ნოემბერს დაგეგმილი ფართომასშტაბიანი მარშის შესახებ ისაუბრეს.

მარშის მთავარი გზავნილი და მოთხოვნა სახელმწიფოსგან იქნება გამკაცრდეს პოლიტიკა სქესობრივი დანაშაულებებზე და ცვლილებები შევიდეს კანონმდებლობაში.

„ქალთა მოძრაობა, ღამის კლუბები და მუსიკალური ფესტივალები ვერთიანდებით ქალების სხეულებრივი ავტონომიის და უსაფრთხოების დასაცავად. Ჩვენი მიზანია, ყველა ჩვენ თანამოაზრეს, მეგობარსა და სტუმარს გავაგებინოთ ჩვენი ღირებულებები და დამოკიდებულება ქალების სქესობრივი თავისუფლების და ხელშეუხებლობის მიმართ. ჩვენ გვჯერა, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს ქალის სხეულებრივ ავტონომიას და ქალი დაცული უნდა იყოს სექსუალური ძალადობისაგან ყველგან – სახლშიც, დენსფლორზეც, ქუჩაშიც და ნებისმიერ საჯარო თუ პრივატულ სივრცეშიც.

ქალის თანხმობის გარეშე მასთან განხორციელებული ნებისმიერი სექსუალური ხასიათის ურთიერთობა ქალზე ძალადობაა. Ნამდვილი თანხმობის ნაკლებობა გაუპატიურება და ძალადობაა – ასე გვესმის ჩვენ, ასეა აღიარებული საერთაშორისო კონვენციების და სასამართლოების მიერ, მაგრამ ამას არ აღიარებს ქართული კანონმდებლობა. დღეს, იმისათვის რომ ქალი ჩაითვალოს გაუპატიურებლად, ის ასევე უნდა იყოს ნაცემი. ქართველ კანონმდებელს დღეს არ აინტერესებს ქალის თანხმობის არსებობა ან არარსებობა.

ჩვენ ვითხოვთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რადგან შეუძლებელია ქალების სქესობრივი დანაშაულებებისგან დაცვა დღეს არსებული კანონით. თანხმობა გადამწყვეტია, “- ამბობენ ისინი.

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშრისო დღეა. საპროტესტო მსვლელობა 20:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე გაიმართება. 

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile