ამ არჩევნებში ხალხი უნდა დავარწმუნოთ, რომ საქართველო ოლიგარქიულ მმართველობას არ იმსახურებს - ხოშტარია

პუბლიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, ვის დააყენებს ოპოზიციის ნაწილი თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატებად.

ვაკის მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის ნაწილის მიერ დასახელდა ელენე ხოშტარიას კანდიდატურა.

ელენე ხოშტარიას თქმით, 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ადამიანები უნდა დარწმუნდნენ, რომ ეს არ არის მხოლოდ სახელებისა და გვარების ცვლილება და რომ ქვეყანაში განხორციელდება სისტემური ცვლილებები.

„მე ვფიქრობ საპასუხისმგებლო ბრძოლის ეტაპზე გადავდივართ და თბილისში ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის მოპოვება იქნება მნიშვნელოვანი. ის ერთობა, რომელიც  ამ ადგილას შეძლეს პოლიტიკურმა ძალებმა, არის საზოგადოებრივი დაკვეთა, რის გარეშეც შეუძლებელია ცვლილებების მოტანა. ამ არჩევნებში ხალხი უნდა დავარწმუნოთ, რომ საქართველო ოლიგარქიულ მმართველობას არ იმსახურებს და ასევე უნდა დავარწმუნოთ, რომ ეს არ არის სახელებისა და გვარების ცვლილება, არამედ სისტემური ცვლილებაა.  ცვლილებები, სადაც სასამართლო პოლიტიკურ დაკვეთებს არ იქნება დამორჩილებული, სადაც ადამიანები ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას იგრძნობენ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.