ამ ბრძოლაში ყველას ადგილი უნდა იყოს - „მწვანეები“ „რიონის მცველებსა“ და პრაიდზე

პუბლიკა

მოძრაობა „მწვანეები“ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ არ იზიარებს მოძრაობის – „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“  დღეს გავრცელებული განცხადების შინაარსს, რომელიც დაგეგმილ პრაიდ კვირეულს ეხებოდა.

„მწვანეებისთვის, მოცემული საკითხები ერთმანეთთან ბმაშია და საჭიროებს ჩვენს რეფლექსიას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მოძრაობა აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია „მწვანეები“ დაარსების დღიდან ქვიარ მოძრაობის ნაწილია და თანასწორობა მისი ღირებულებების ფუნდამენტური ნაწილია. მეორე მხრივ, მოძრაობა აღნიშნავს, რომ პრაიდის არსი სრულად ვერ მოიცავს ქვიარ თემის ყველა გამოწვევასა და საჭიროებას:

„ამასთან ერთად, ჩვენ, ქვიარ თემისა და ორგანიზაციების ნაწილთან ერთად, მივიჩნევთ რომ პრაიდის არსი სრულად ვერ მოიცავს ქვიარ თემის ყველა გამოწვევასა და საჭიროებას, რადგან მას მთელი ყურადღება გადააქვს ფორმაზე და დღეს არსებული ჩაგვრები დაჰყავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, მაშინ როდესაც ყურადღების მიღმა რჩება ისეთი ფუნდამენტური უფლებები როგორიც არის ღირსეულ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, საცხოვრისის უფლება, ღირსებული შრომის პირობები, სიღარიბე, განათლება და სხვა.

ჩვენ წლების განმავლობაში ვადევნებთ თვალს სხვადასხვა პოლიტიკოსის, ჟურნალისტისა და სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის მხრიდან ქვიარ ადამიანების უფლებების ინსტრუმენტალიზებას და კარგად გვახსოვს, როგორც ამჟამინდელი, ასევე წინა ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსების მხრიდან პოლიტიკური ქულების მოპოვების მიზნით ჩვენი უფლებებითა და ჰომოფობიით მანიპულირება.

2018 წლის 17 მაისს ჩვენ ნათლად დავინახეთ ხელისუფლების, ლიბერალური ჯგუფების, მემარჯვენე პარტიებისა და სავარაუდოდ, მთავრობის მხრიდან მართული რადიკალური ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ქვიარ თემის წარმომადგენლების უფლებებით მანიპულაციის საფრთხე. ქვიარ თემის უამრავმა წარმომადგენელმა, ორგანიზაციებმა და ადამიანებმა, რომელთა რიგებშიც ახალგაზრდა მწვანეებსაც უდიდესი ადგილი გვეკავა, მივიღეთ ჩვენთვის ემოციურად ურთულესი გადაწყვეტილება და უარი ვთქვით მანიფესტაციის ჩატარებაზე.

ქვიარების უფლებები არ დაიყვანება წელიწადში ერთი დღით ქალაქის ცენტრში პოლიციური ძალებით შემოსაზღვრულ მანიფესტაციამდე და ჩვენივე თანამოქალაქეებისგან რკინის ბარიკადებით შემოსაზღვრამდე

ქვიარ სოლიდარობა, რომელიც ურთიერთმხარდაჭერას და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თანადგომას გულისხმობს, ფსიქოლოგიურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად, არის სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლის ფუნდამენტური ფასეულობების მატარებელი. ამასთან ისტორიულად, ქვიარ თემის სოლიდარობა იყო მნიშვნელოვანი მამოძრავებელი თანასწორი და სამართილანი საზოგადოებისთვის ბრძოლაში, მემარცხენე მოძრაობებში, მათ შორის ნამახვანჰესის წინააღმდეგ ბრძოლაში. . ეს ისტორია, რომელიც კონკრეტული სოლიდარული ჯგუფების გამჭრიახობაზე დგას, კვლავ გაგრძელდება, უფრო გაძლიერდება და გარდაიქმნება რეალურ სოციალურ ცვლილებაში – იმ ხილვადობის პოლიტიკისა და საზოგადო პოლარიზების მიღმა, რასაც დღეს მედია დღის წესრიგი გვთავაზობს.

სწორედ ეს კვეთა, საჯარო სიკეთის დაცვას, სოციალურ სამართლიანობას, თანასწორობასა და უპირობო ურთიერთპატივისცემაში, არის ყველაზე ძვირფასი, რაც გვინდა რომ მოძრაობამ რიონის ხეობის გადარჩენისთვის ატაროს. უამრავი განსხვავებული ადამიანი ვერთიანდებით და ვიბრძვით ერთად, საერთო ფასეულობების დასაცავად. ეს ერთობა არის მთავარი ფასეულობა და სწორედ ამიტომ ძალიან რთული იყო ჩვენთვის რიონის ხეობის მცველთა დღევანდელი განცხადების წაკითხვა. ეს განცხადება, რომელიც “მტრისთვის გადაგდებული ლუკმაა” ასევე უგულველყოფს იმ ადამიანთა და ჯგუფთა ძალისხმევას და გამძლეობას, რასაც ჩვენ თვეების მანძილზე ვავლენდით და რამაც დიდწილად განაპირობა პროტესტის საყოველთაობა. სხვადასხვა ნიშნით არადომინანტურ ჯგუფებს მრავალჯერ შექმნიათ პრობლემა ძალადობრივ ჯგუფებთან გამკლავებისას, უგრძვნიათ თავი დაუცველად და ამის მიუხედავად ბრძოლას ერთად ვაგრძელებდით. ასევე ვიხილეთ ქალბატონი მაკა სულაძის უპრეცედენტო პრინციპულობა, რომელმაც ერთი ჟესტით უდიდესი საქმე გააკეთა თანასწორი საზოგადოების შექმნისთვის, და ჩვენთვის, ვისზეც ეს წყალგამყოფი ხაზი გადის. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ წუხილს ბოლო განცხადებასთან დაკავშირებით და ვიმედოვნებთ რომ ეს სირთულე მხარეთა გამოფხიზლებით დაიძლევა, და ჩვენი ერთობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის ფასეულ ბრძოლაში, ამ ყოველივეს არ შეეწირება. ჩვენ ვთვლით, რომ რიონის ხეობისთვის ბრძოლა წარმოადგენს საქართველოში ეკონომიკური და სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლის მნიშვნელოვან პრეცედენტს, ამიტომ ამ ბრძოლაში ყველას ადგილი უნდა იყოს.
1-5 ივლისს მიმდინარე პრაიდის კვირეულის პარალელურად ვხედავთ ულტრანაციონალისტური, პოპულისტური და ძალადობრივი ჯგუფების მობილიზებას. იმედს ვიტოვებთ, რომ სახელმწიფო შეასრულებს მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას, აღკვეთავს აღნიშნული ჯგუფების ქმედებებს და უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას“, – აღნნიშნულია „მწვანეების“ განცხადებაში.