ამ დღეებმა დაგვანახა საჭიროება ამ კანონის და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ - პაპუაშვილი

პუბლიკა

„ამ დღეებმაც, დაგვანახა ერთი – საჭიროება ამ კანონის და მეორე – დაგვანახა ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტმა მას ბრიფინგზე შეკითხვა დაუსვა:

„აქცია, რომლიც მიმდინარეობდა გუშინ, რომელსაც აგრძელებენ და სავარაუდოდ გაგრძელდება, თქვენ რას გეუბნებათ? იღებთ თუ არა ხალხის მოთხოვნას, რომ კანონპროექტის გაწვევა მოხდეს?“

„ზუსტადაც, ამ აქციებმა დაგვანახა ხალხის მხარდაჭერა  ამ კანონპროექტის მიმართ.“ –  თქვა პაპუაშვილმა შეკითხვის პასუხად.

„ამიტომ, რა თქმა უნდა, პარლამენტი გააგრძელებს მსჯელობას ამ კანონზე, ვინმეს თუ რაიმე არგუმენტები აქვს ამ კანონპროექტზე, მსჯელობა მიდის. ჩვენი პოზიცია ცხადია, ეს კანონი სჭრდება ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის პოზიციაც ცხადია, რომ მას სჭირდება ეს კანონი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

თბილისში პარლამენტის წინ 15, 16 და 17 აპრილს ხალხმრავალი საპროტესტო აქციები გაიმართა. მოქალაქეები პარლამენტის მიერ რუსული კანონის მიღებას აპროტესტებენ. საპროტესტო აქციები იმართება რეგიონებშიც.

16 აპრილს სპეცრაზმმა საპროტესტო აქციაზე მოაქალაქეების დაშლის მიზნით ე.წ. წიწაკის სპრეიც გამოიყენა. ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 ადამიანი, ზოგიერთ მათგანს ფიზიკური დაზიანებებიც აღენიშნებოდა, რომლებიც როგორც ვიდეო და ფოტო კადრებში ჩანდა დაკავებისას მიაყენეს. გუშინდელ აქციაზე დააკავეს 2 პირი. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ პროცესს აკვირდებოდა და საზოგადოებას მალე მიაწვდის ინფორმაციას პროპორციულად გამოიყენა თუ არა ძალა შსს-მ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.