ამ დროისთვის საქმეში ერთადერთი მტკიცებულება ლევან მამალაძის განცხადებაა - მელაძე

პუბლიკა

დღეს „TV პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე და ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე მათი სიცოცხლის შესაძლო ხელყოფის საქმეზე გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

ნოდარ მელაძის განცხადებით, საქმეში ამ დროისათვის ერთადერთი მტკიცებულება „იმედის“ ეთერში გაკეთებული ლევან მამალაძის განცხადებაა. მისივე თქმით, როდესაც მამალაძის გამოკითხვის შესახებ იკითხეს, უწყებაში უპასუხეს, რომ „მამალაძე ძებნილია და მისი გამოკითხვა ადვილი არ იქნება“.

„შსს-ს აქვს ერთადერთი მტკიცებულება საქმეში და ეს არის „იმედის“ ეთერში ლევან მამალაძის მიერ გაკეთებული განცხადებები. სხვა მტკიცებულებები საქმეში არ არის, განგვიცხადა დღეს გამომძიებელმა“, – განაცხადა მელაძემ.

მელაძემ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო დაცვაზე უარი თქვა, რადგან „ჩვენთვის რჩება განცდა, რომ ამის მიზანს წარმოადგენს ჩვენი, როგორც გამომძიებელი ჟურნალისტების კონტროლი – სად გადავაადგილდებით, ვის ვხვდებით და როგორ ვსაქმიანობთ ჟურნალისტურ გამოძიებებზე“.

მან აღნიშნა, რომ გამოკითხვის დროს მას კომუნიკაცია ჰქონდა ბერა ივანიშვილის „პირადი მცველის მხრიდან ნოდარ მელაძის ოჯახის მისამართით მუქარის“ საკითხზეც.

„აღმოჩნდა, რომ ამ საქმეზე შსს-ს გამოძიება არ დაუწყია, უფრო მეტიც, ალბათ ცინიკური დამოკიდებულებაა მათი მხრიდან, რომ აქ წარმოდგენილმა გამომძიებელმა ძალიან მკაფიო მუქარაზე, რომელიც ოჯახის წევრების წამებას ეხებოდა, მითხრა, რომ გამოძიება არ დაუწყია და სანამ გამოძიებას დაიწყებდნენ, აინტერესებდათ, მე ეს მუქარად აღვიქვი თუ შეურაცხყოფად, როდესაც ეს იყო კონკრეტულად მუქარა და ჩემს განწყობას ელოდნენ, რას ვფიქრობდი. მე ვფიქრობ, რომ ბატონი წიკლაურის საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადება ჩემი ოჯახის წევრების წამების შესახებ წარმოადგენს მყისიერ საფრთხეს ჩემთვის, ჩემი ოჯახის წევრებისთვის და გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდისთვის“, – აცხადებს ნოდარ მელაძე.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნოდარ მელაძისა და ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძის სიცოცხლის შესაძლო ხელყოფის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გამოძიება დაიწყო. „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე სსკ-ის 18-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.