დმანისის საკრებულოში საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე ახალი საკრებულოს უფლებამოსილება ცნეს. აირჩიეს თავმჯდომარე და მისი მოადგილე. 30-კაციანი საკრებულოდან სხდომას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ 15 დეპუტატი და ერთი დეპუტატი ოპოზიციიდან, რამიზ რამაზანოვი, რომელიც საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიით მოხვდა.
რამიზ რამაზანოვმა ბოიკოტზე უარი თქვა და სხდომაზე მივიდა. ენმ-ის დანარჩენი 14 დეპუტატი სხდომაზე არ გამოცხადებულა. დმანისის საკრებულოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხმები თანაბრადაა გაყოფილი, რის გამოც „ქართული ოცნება“ საკრებულოს უფლებამოსილების ცნობას და თავმჯდომარედ საკუთარი წარმომადგენლის არჩევას ვერ ახერხებდა.
დღევანდელ სხდომაზე კი რამიზ რამაზანოვის მონაწილეობით მოხერხდა როგორც უფლებამოსილების ცნობა, ისე თავმჯდომარისა და მოადგილის არჩევაც. თავმჯდომარედ „ოცნების“ დეპუტატი, მოადგილედ კი რამიზ რამაზანოვი დანიშნეს.
დმანისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან მოსაშვილის თქმით, ამ ეტაპზე მათი ბოიკოტი აზრს კარგავს.
„ამ ეტაპზე ჩვენი ბოიკოტი აზრს კარგავს, „ოცნებამ“ ძალადობით, დაშინებით გადაიბირა ადამიანი. შემდგომი პროტესტის ფორმა როგორი იქნება, ამას გუნდის წევრებთან ერთად გადავწყვეტთ“, – ამბობს მოსაშვილი ტელეკომპანია „ფორმულასთან”.
რამიზ რამაზანოვი ის დეპუტატია, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში, ენმ- ის წევრების განცხადებით, გაუჩინარებული იყო და მასზე „ქართული ოცნება“ ზეწოლას ახორციელებდა. ის თავისი თანაპარტიელების მსგავსად ბოიკოტს უცხადებდა საკრებულოს და არ დასწრებია 3 დეკემბერს სხდომას, რომელიც ამ ბოიკოტის გამო კვორუმის გარეშე დარჩა და ვერ ჩატარდა. დღევანდელ სხდომაზე კი გადაწყვეტილება შეცვალა და მონაწილეობის მისაღებად მივიდა.
სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მასზე არავის უძალადია და გადაწყვიტა საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელოს მუშაობა.
„არანაირი ზეწოლა არ იყო. ასე გადავწყვიტე მე პირადად. მე გადავწყვიტე, დამოუკიდებელი დეპუტატი გავხდე საკრებულოში. 1000 კაცმა მომცა ხმა და ვალდებული ვარ. ადამიანი ხომ ფიქრობს და ეს გადაწყვეტილება მივიღე“, – განაცხადა რამიზ რამაზანოვმა.
რა ვიცით რამიზ რამაზანოვის „გაუჩინარებაზე“?
გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა დმანისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატ რამიზ რამაზანოვთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს. ორგანიზაციები წერდნენ, რომ რამაზანოვი უკვე 2 დღეა სახლში არ ყოფილა.
ოჯახის წევრების განმარტებით, რამიზ რამაზანოვი მათთან კონტაქტზე იყო, თუმცა არ იცოდნენ მისი ადგილსამყოფელი. „ადგილობრივი ოპოზიციონერი დეპუტატის, ჰუსეინ ჰუსეინოვის მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ რამიზ რამაზანოვმა მას უთხრა, რომ „ან ხმა უნდა მისცეს „ოცნების” თავმჯდომარეობის კანდიდატს, ან თავი უნდა მოიკლას”. რამიზ რამაზანოვი დმანისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერით შესული მაჟორიტარი დეპუტატია. ის პირველად არის საკრებულოს წევრი, მანამდე კი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ორუზმანის საჯარო სკოლის დირექტორი იყო. ჩვენ მიერ ადგილობრივებისგან მოპოვებული ინფორმაციით, რამაზი საქმეს კარგად უძღვებოდა. თუმცა 2 კვირის წინ საგანგებო, განმეორებითი ინსპექტირების შემდეგ მოულოდნელად, საკუთარი განცხადებით დატოვა სამსახური“, – ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.
მოგვიანებით რამაზანოვმა კომენტარი მისცა ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთს“, სადაც ის ამბობს, რომ დღეს, 10 დეკემბერს დაგეგმილ საკრებულოს სხდომაზე მისვლას და მონაწილეობას გეგმავს. მისი მისვლის შემთხვევაში საკრებულო მოახერხებს ცნოს ახალი მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილება და შესაძლოა აირჩიონ ახალი თავმჯდომარეც.