ამ ეტაპზე ღამის კლუბებისთვის სექტორული შეღავათები არ განიხილება - თურნავა

პუბლიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიმა პარლამენტში მთავრობის მოსმენის შემდეგ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ღამის კლუბებისთვის სექტორული შეღავათები არ განიხილება.

„სექტორული შეღავათები ამ ეტაპზე არის გათვალისწინებული ყველაზე მეტად დაზარალებული ინდუსტრიებისთვის, რომლებსაც დრო დასჭირდებათ, რომ ამოიქოქონ. ეს არის ტურიზმი, იმიტომ, რომ არ არის საკმარისი  მარტო ტურიზმი გავხსნათ. საჭიროა დრო გავიდეს, რომ ისევ იმ დონეზე ავიდნენ, რა დონეზეც იყვნენ, ეს არის სოფლის მეურნეობა, რომელიც ასევე ძალიან დაზარალდა, ექსპორტული მოთხოვნაც შემცირდა. ეს არის ბინათმშენებლობა. რაც შეეხება ღამის კლუბებს, ამ ეტაპზე სექტორული შეღავათები არ განიხილება. ჩვენ მოვისმენთ თითოეული დარგის არგუმენტებს და შემდგომ ვამუშავებთ პოსტკრიზისულ გეგმას და ვნახოთ, როგორი იქნება ამ თვალსაზრისით ჩვენი გადაწყვეტილება”, – განაცხადა ნათია თურნავამ.


26 მაისს კლუბების, ბარებისა და რესტორნების გაერთიანებამ პრესკონფერენცია გამართა. მათ სახელმწიფოს დახმარების თხოვნით მიმართეს და შესაბამისი განცხადება გაავრცელეს.

„პანდემიით გამოწვეული ვითარება იმდენად მძიმედ აისახა ჩვენს სექტორზე, რომ ბევრი ჩვენგანი გაკოტრების საფრთხის წინაშე დადგა. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან მოვითხოვთ ყურადღებას“, – აცხადებს გაერთიანება.