ბარები და კლუბები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ

პუბლიკა

დღეს, 14.00 საათზე დედა ენის ბაღში კლუბების, ბარების და რესტორნების გაერთიანებამ პრესკონფერენცია გამართა.

მათ სახელმწიფოს დახმარების თხოვნით მიმართეს და შესაბამისი განცხადება გაავრცელეს.

„პირველ რიგში გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ვწუხვართ, რომ საზეიმო განწყობის ნაცვლად ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე გვიწევს განცხადების გაკეთება.

ჩვენი საინიციატივო ჯგუფი აერთიანებს ასობით ობიექტს და ათასობით დასაქმებულ პირს. სხვა დახურული სივრცეების, ბარებისა და კლუბები წარმომადგენლები კი ყოველდღიურად გვემატებიან.

ბარის და საკლუბო კულტურა, როგორც ღამის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი, ქვეყანაში ტურიზმისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი საიმიჯო ნაწილია. სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე, ჩვენი შრომოთა და ენთუზიაზმით ათასობით სამუშაო ადგილი შევქმენით.

პანდემიით გამოწვეული ვითარება იმდენად მძიმედ აისახა ჩვენს სექტორზე, რომ ბევრი ჩვენგანი გაკოტრების საფრთხის წინაშე დადგა. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან მოითხოვთ ყურადღებას.

როგორც თბილისი მერმა განაცხადა, ჩატარებულია კვლევა ჩვენი სფეროს პრობლემებსა და საჭიროებებზე.  მაგრამ გვინდა აღვნიშნოთ, რომ სამწუხაროდ, ეს მოხდა ჩვენთან კომუნიკაციისა და კონსულტაციების გარეშე. ჩვენი სფერო სპეციფიკური მიმართულებაა და გონივრული გეგმის შემუშავება მხოლოდ ჩვენი ჩართულობითაა შესაძლებელი.

გაგაცნობთ ჩვენს მიერ ჩამოყალიბებულ კრიზისის გეგმასა და მოთხოვნებს:

დაუყოვნებლივ უნდა დადგინდეს დახურული ბარების, კლუბების და მუსიკალური სივცეების გახსნის თარიღი.

ჩვენთან ერთად იქნას დირექტივები და რეგულაციები შემუშავებული.

აუცილებელია მინიმუმ ერთწლიანი საშეღავათო პერიოდი გადასახადების კუთხით.

მოვითხოვთ საკრედიტო დახმარებას, კომერციულ ბანკებთან და დაბალსესხებიანი კრედიტების მიღებისას, დაახლოებით იმ პრინციპით როგორც ეს ხდება პროგრამაში – „აწარმოე საქართველოში”.

თუ დროულად არ მოგვეცემა დახურული სივრცეების გახსნის შესაძლებლობა, სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ, ცენტრალურ, მაგრამ გამოუყენებელ ღია სივრცეებში შეიქმნას სარეკრეაციო, ქვეყნის ტურისტული საიმიჯო პროდუქტი — “გადარჩენის პარკი”, სადაც უკვე არსებული დახურული ბარები წარმოადგენენ თავის ღია ვარიანტს, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ ვირუსის გავრცელების რისკები.

აბსოლუტურად ვიაზრებთ პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, რაც უკვე დავამტკიცეთ ჩვენი ობიექტების და სივრცეების დაკეტვით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ადრე, სახელმწიფოს მხრიდან რეკომენდაციების დამტკიცებამდე;

გვჯერა, რომ სახელმწიფოს გათავისებული აქვს ჩვენი როლი ეკონომიკის, ტურიზმის, საერთაშორისო რეპუტაციისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მშენებლობაში, ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანთა მძიმე ყოფა და ამიტომ სახელმწიფო, როგორც კეთილმოსურნე იმუშავებს აღნიშნული კრიზისის დასაძლევად, ზემოთ წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად” – ვკითხულობთა განცხადებაში.