ამ გადაწყვეტილებით საჯარო მოხელეებს უთხრეს, ფრთხილად იყავითო - ბულვარის ყოფილი დირექტორი

პუბლიკა

„დამსაჯეს კი, ვერ ვიტყვი, რომ არ დამსაჯეს, ასეთი თავმდაბალიც ვერ ვიქნები“, – ამის შესახებ თანამდებობიდან გათავისუფლებულმა ბულვარის ყოფილმა დირექტორმა, ირაკლი ჯინჭარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ირაკლი ჯინჭარაძე აუდიტის დასკვნის საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან გუშინ, 12 აპრილს გაათავისუფლეს. მისი თქმით, აუდიტის დასკვნა 2019 წელს დაიწერა და თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, 30 მარტს მის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს უკავშირდება, როდესაც ის ბულვარის ტერიტორიაზე პლაჟის გასხვისებას შეეწინააღმდეგა.

„ეს არის სადღაც 2018 წელს ან 2019 წლის დასაწყისშიდაწერილი [დასკვნა]. ამის შემდგომ გავიდა წლები და რატომ მაინცდამაინც ახლა, რატომ ამ ჩემი საჯარო გამოსვლის შემდგომ? მრცხვენია, რომ დღეს ვარ ასეთ მდგომარეობაში და მიწევს ამ თემაზე საუბარი. მგონია, რომ ეს მათი დასასრულის დასაწყისია და არა ჩემი. მიუხედავად იმისა, რომ მე „ქართულ ოცნებას“ ვგულშემატკივრობ და ამას ყოველთვის ხაზს ვუსვამდი, თვითონვე შეუქმნეს „ქართულ ოცნებას“ პრობლემა. მათ ამ გადაწყვეტილებით ყველა საჯარო მოხელეს უთხრეს, ფრთხილად იყავითო“, – თქვა მან „TV პირველთან“.

დღეს ამ საკითხზე ჟურნალისტებთან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ისაუბრა. როგორც ის აღნიშნავს, მათი შთაბეჭდილებით ირაკლი ჯინჭარაძემ საჯარო განცხადებები საზოგადოებაში იმუნიტეტის მოსაპოვებლად გააკეთა.

„გვრჩება შთაბეჭდილება, რომ მან ეს განცხადებები გააკეთა საზოგადოებაში გარკვეული იმუნიტეტის შენარჩუნების მიზნით. არსებული დასკვნის საფუძველზე აღძრულია საქმე“, – განაცხადა ირაკლი ფუტკარაძემ.

მისი თქმით, ბათუმის ბულვარის დირექტორი გათავისუფლდა სახელმწიფო აუდიტის დასკვნის საფუძველზე.

„საიდანაც ირკვევა, რომ განხორციელდა ბიუჯეტის სახსრების არამართლზონიერი ხარჯვა. მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება ბულვარის დირექტორის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს“, – თქვა მან.

კითხვაზე – თუ რატომ მიიღო უწყებამ ჯინჭარაძის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება ჯინჭარაძის მიერ ბულვარის დასაცავად გაკეთებული საჯარო განცხადებებიდან 12 დღის შემდეგ, მაშინ, როდესაც დასკვნა 2019 წელს დაიწერა? – ფუტკარაძემ უპასუხა, რომ ჯინჭარაძის განცხადებები და მისი გათავისუფლება დროში დაემთხვა ერთმანეთს.

„ეს დასკვნა ეხება 2019 წლის საქმიანობას. პროცედურულად აუდიტის სამსახური წინა წლის საქმიანობას შეისწავლის მომდევნო წელს. ჩვენ ეს დასკვნა მივიღეთ 2020 წლის ბოლოს. შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით კონკრეტულ საქმეზე ძიება დაიწყო მიმდინარე წელს. უნდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის შორეული პერიოდი. 2019 წელია მართლაც, მაგრამ პროცედურებმა მოითხოვა ეს დრო“, – თქვა მან.

ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორის, ირაკლი ჯინჭარაძის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე სახალხო დამცველმა განსხვავებული მოსაზრების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა დაიწყო.


30 მარტს ბათუმის ბულვარის დირექტორი, ირაკლი ჯინჭარაძე ბათუმის მერიაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  ის წინააღმდეგია  პლაჟების კერძო საკუთრებაში გადაცემის. როგორც ის აცხადებდა, ბულვარი არის საჯარო სივრცე და ის უნდა იყოს ყველასთვის მისაწვდომი.

30 მარტს ბათუმის მერიაში ხმაური და შეხლა-შემოხლა იყო. აქტივისტები საკრებულოს სხდომაზე დასწრებას მოითხოვდნენ.

საკრებულოს სხდომაზე უნდა განხილულიყო სასტუმრო „ბათუმი თაუერისთვის“ ბულვარის გასწვრივ 3380 კვ.მ. ტერიტორიის გრძელვადიანი იჯარით გადაცემის საკითხი. თუმცა ხმაურისა და პროტესტის შემდეგ საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღეს.

„ბულვარი არის საჯარო და ის უნდა იყოს ყველასთვის მისაწვდომი. მე სხვა არაფერი მითქვამს, არავის ვეწინააღმდეგები. მე როგორც ბულვარის დირექტორმა, აზრი დავაფიქსირე. ჩემი ვალდებულება იყო. სულ რაღაც 10 დღეში შემოვა უკვე განაშენიანების გენერალური გეგმის დოკუმენტი და დაველოდოთ ამ დოკუმენტს. ვნახოთ, რა იქნება დოკუმენტში. იქნება კერძო პლაჟები, თუ იქნება ყველასთვის. არ გვაქვს ჩვენ ამის ფუფუნება. სანაპირო არის ძალიან პატარა. ბათუმის პლაჟი უნდა იყოს ყველასთვის. ბათუმის პლაჟით სარგებლობს ყველა, როგორც ბათუმელი, ისე გურული, ისე იმერელი, თბილისელი, კახელი და არ ჰყოფნით“, – განაცხადა ირაკლი ჯინჭარაძემ 30 მარტს.

ამ მოვლენების შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მთავრობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ძველი ბულვარის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საზღვრებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე განაშენიანებისა და კონსერვაციის გეგმის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დამტკიცებამდე გამოცხადდა მორატორიუმი ნებისმიერ ახალ სამშენებლო პროექტზე. მორატორიუმი არ შეხებია მიმდინარე მშენებლობებს.