„ამ გამოსვლის შემდეგ პრემიერს ბატონი როინ მეტრეველი აკადემიკოსად აუცილებლად შერაცხავს“ - ოპოზიცია პრემიერის გამოსვლას აფასებს

პუბლიკა

„ამ გამოსვლის შემდეგ საქართველოს პრერმიერ-მინისტრს ბატონი როინ მეტრეველი აუცილებლად აკადემიკოსად შერაცხავს. საკუთარ თავს გადააჭარბა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა“, – ასე შეაფასა საპარლამენტო ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო მოხსენება.

პრემიერის განცხადებები გააკრიტიკა ხათუნა სამნიძემაც.

„რესპუბლიკელების“ ლიდერმა აღნიშნა, რომ რასაც პრემიერი დღეს ტრიბუნიდან უწევდა პროპაგანდას, ბოროტებაა.

„ბატონო პრემიერო, მე ვიცავ ოჯახის ფასეულობებს და ქართულ ღირებულებებს, რაც არის თანასწორობა და ჩაგრულის დაცვა და პროპაგანდა ნებისმიერი სახით არის ბოროტება  და რასაც თქვენ აკეთებდით, ეს იყო პროპაგანდა. პროპაგანდა თუ სადმე არის, და ჩვენ გეკითხებით სადო, უნდა დაასახელოთ ეს საკითხები და ასე ჰაერზე ლაპარაკი არის პროპაგანდა, ტყუილიც. თქვენ თავად სწავლობდით უცხოეთში, საფრანგეთში და თქვენს შვილს ამერიკაში აგზავნით, იმიტომ, რომ კარგად იცით, უმაღლესი ხარისხის განათლებაა იქ. რასაც პოლიტიკაში ვსაუბრობთ მაღალი ტრიბუნიდან, ისევე უნდა ვცხოვრობდეთ. მე რისიც მჯერა, თანასწორობის, ამას ვასწავლი ჩემს შვილს და თქვენ ჩვენი შვილების მომავლისთვის გინდათ საბჭოთა კავშირი ამ ქვეყანაში, სადაც იჩაგრებიან ადამიანები და საკუთარი შვილისთვის გინდათ საუკეთესო განათლება აშშ-ში, ესაა ფარისევლობა და პროპაგანდა, მეტი არაფერი, სანამ პროპაგანდსტებს დაგვიძახებთ, საკუთარ რიტორიკას გადახედეთ“, – განაცხადა სამნიძემ.

„თქვენი ანგარიში ვარდისფერი სათვალით არის დაწერილი, ბატონო პრემიერო, რომელიც მხოლოდ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებზე ვრცელდება“, – მიმართა პრემიერს „მოქალაქეების“ წევრმა, ქეთევან თურაზაშვილმა, რომელმაც ის ანგარიშში სტუდენტების, პენსიონერების და ბავშვების შიმშილის საკითხების არმოხსენიების გამო გააკრიტიკა.

პრემიერის მოხსენებას დროდადრო ხმაური და შეძახილები ახლდა თან.

„რუსო!“ „მოღალატე“, – ამ შეძახილებით მიმართავდა „ნაციონალური მოძრაობა“ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც საპარლამენტო ტრიბუნიდან კვლავ წინა ხელისუფლების 9 წელზე ისაუბრა.

ისინი პრემიერის მიმართ დამოკიდებულებას შეძახილების გარდა მაისურზე დატანილი წარწერებითაც გამოხატავდნენ. „რაც გინდათ, ის დაუძახეთ“, – ეწერა ანა წითლიძეს. ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ხელში თეთრი ფურცელიც დაიჭირა, რომლითაც 2 ივნისს „ირაყლის“ გამო პარლამენტთან დაკავებულების საქმეზე გააკეთა მინიშნება. რამდენიმე დეპუტატს კი ეცვა მაისური მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მხარდამჭერი წარწერით Freemisha. საბოლოოდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხდომა დატოვა და აღნიშნა, რომ არ აპირებენ, მოუსმინონ „რუს ღარიბაშვილს“.