ამ განცხადებაში მოვისმინეთ ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის აღიარება - პროკურორი

პუბლიკა

„მოვისმინეთ ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის აღიარება, რომ იმ სპა-პროცედურებს თუ ფუფუნების საგნებს თვითონ მოიხმარდა, შვილის სწავლის დაფინანსებაც სწორედ მისი გადაწყვეტილი იყო და ამის ახსნა იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი სიტყვა, რომ ეკუთვნოდა“, – განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორმა, გიორგი მუჯირმა.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, ბრალდების მხარისთვის მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც ამ განცხადებაში მოვისმინეთ ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის აღიარება, რომ იმ სპა-პროცედურებს თუ ფუფუნების საგნებს თვითონ მოიხმარდა, შვილის სწავლის დაფინანსებაც სწორედ მისი გადაწყვეტილი იყო და ამის ახსნა იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი სიტყვა, რომ ეკუთვნოდა. სამართლებრივი საფუძველი ამ დანახარჯს არ გააჩნდა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში ჩვენ მოვისმინეთ უამრავი ტყუილი. კერძოდ, ტაილანდში დასვენება, სადაც ერთი სასტუმროს ნომერი ორი დღის განმავლობაში დაჯდა 60 000 ლარი, თითქოსდა ემსახურებოდა რაიმე სახელმწიფო ინტერესს. რეალურად, ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი განკარგულება, რომელსაც თავად მიხეილ სააკაშვილი აწერს ხელს, რომელშიც მითითებულია, რომ უნდა გადახდილიყო ბრალდებულის, მიხეილ სააკაშვილის VIP მომსახურება, რაც რეალურად განხორციელდა. არცერთი დოკუმენტი არ მოიპოვება იმის თაობაზე, რომელიც მიუთითებდა ამ ვიზიტისას რაიმე სახელმწიფო მნიშვნელობაზე. გვაქვს მოლოდინი, რომ მსგავს ტყუილს მოვისმენთ ძალიან ბევრჯერ. პირობითად, ლას ვეგასში დასვენებაზე, მას შეუძლია ფანტაზიის სრული სპექტრი მოიშველიოს და დაასახელოს მსოფლიოში ნებისმიერი პირი, თითქოს ამ პერიოდში შეხვდა.

არავინ არ უშლიდა რომელიმე თანამდებობის პირს, შეედგინა სათანადო დოკუმენტაცია. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, ოფიციალურ ვიზიტებზე, რომლებიც, რეალურად, მართლა სახელმწიფო მნიშვნელობას ატარებდა. სახელმწიფო რეალურად გასცემდა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან თანხას და იმავე პერიოდში გახარჯულია მილიონობით ლარი”, – განაცხადა ჟურნალისტებს გიორგი მუჯირმა.