ამ განცხადების გაკეთების ბოლო ჩახმახი იყო, რომ მომზადებული დიალოგი ჩაიშალა - ვაშაძე

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში გადაცემა „ღამის კურიერში“ თავისი განცხადებების შესახებ ისაუბრა. ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ სხვებთან ეს განცხადებები შეთანხმებული არ ყოფილა, თუმცა პარტიაში მის ხედვას იზიარებენ.

„შინაარს რაც შეეხება, ყველაფერი ნათქვამია, არა მგონია, დამატებითი ახსნა-განმარტება იყოს საჭირო. რაც შეეხება ფორმას, „ნიუპოსტი“ ოპოზიციური პორტალია, ახლოს იმყოფება ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასთან, ჩემი მეგობარი, ბაჩუკი ქარდავა ხელმძღვანელობს. ჩავთვალე, რომ დაწერილის გავრცელება უკეთესი იქნებოდა, ვიდრე ბრიფინგის მოწყობა და პრესკონფერენცია. საერთოდაც, დარჩეს ეს დოკუმენტად.

საქართველოში ის რუტინული, ჰიგიენური, დემოკრატიული პროცედურა, რომელსაც არჩევნები ჰქვია, უკვე მერამდენეჯერ მთავრდება სრული კატაკლიზმით. ეს კატაკლიზმები სრულ სასოწარკვეთაში აგდებს ჩვენს მთავარ მოკავშირეებს და საქართველოს მოქალაქეებს და ნაბიჯ-ნაბიჯ გვაშორებს მთავარ მიზნებს – ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებას.

რაღაცნაირად საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვნახოთ გამოსავალი ამ სიტუაციიდან. აღარ უნდა მივრბოდეთ ქართველები ჩვენი მთავარი მოკავშირეების დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან და ვეხვეწებოდეთ მათ ხელმძღვანელებს, რამენაირად ერთმანეთთან დაგვალაპარაკეთ იმიტომ, რომ ველურები ვართ და ერთმანეთს ვერ ველაპარაკებით. კატასტროფაა ეს უკვე“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისი თქმით, გამოსავალი ამ ეტაპზე არის შემდეგი – საპროტესტო აქციების გაგრძელება, მაგრამ ამავე დროს ისეთი პოლიტიკური კომპონეტის გამოყენება, რომელსაც ჰქვია დიალოგი.

„ვსინჯოთ, თუ ვერ შევედით მოლაპარაკებებში, არც ის გვეცოდინება, ეს მოლაპარაკებები დამთავრდება წარმატებით თუ წარუმატებლად. მე არავითარი რეცეპტი არ მაქვს, გარდა იმისა, რომ ზუსტად ვიცი და ამას დავიცავ ბოლომდე და არც მეშინია მარტო დარჩენის, რა პრობლემაა. რეცეპტი არის ეს  – პროტესტი უნდა გაგრძელდეს, რაც უფრო მასშტაბური იქნება მით უკეთესი, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, მაგრამ ამავე დროს უნდა დავსხდეთ, დავილაპარაკოთ და ვსინჯოთ, შეიძლება მოინახოს კომპრომისი ორ რადიკალურად განსხვავებულ პოზიციასთან?!“ – აცხადებს ის.

შეკითხვაზე, მის ამ ხედვას იზიარებენ თუ არა პარტიაში, გრიგოლ ვაშაძე პასუხობს, რომ მას თვლა არ დაუწყია, მაგრამ „იმ ადამიანების აზრი, რომელთაც ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ, მესამე პრეზიდენტის ჩათვლით, მათი მხარდაჭერა, ღია იქნება ეს თუ პირადული, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია”.

გრიგოლ ვაშაძემ განმარტა, რომ განცხადების გაკეთების მთავარი მოტივი იყო ის, რომ თითქმის მომზადებული დიალოგი ჩაიშალა.

„ამ განცხადების გაკეთების ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ჩართულობით ჩაიშალა. ყოველდღე და თან არაერთხელ, პირადად ვიყავი კომუნიკატორი ოპოზიციიდან, საელჩოებთან ამ საკითხებზე. არ მაქვს ნებართვა, ეს დიპლომატიური წარმომადგენლები დავასახელო, მაგრამ მათ საქართველოზე გული ჩვენზე არანაკლებად შესტკივათ. მაგრამ დავკარგეთ ეს დრო. ჩაიშალა“, – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.