თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის – ჟორჟოლიანი

პუბლიკა

საარჩევნო ბლოკის „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატი 22-ე ოლქში ნანუკა ჟორჟოლიანი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმაურება.

„რა ძალზედ სახიფათო? ახლა გაიგეთ, რომ კორონაა? ანუ, ბიძინას შედეგები სწორია? თუ არსებობენ ადამიანები, რომელთა მოტივაციაც მხოლოდ თბილი სავარძელია?! თურმე, არიან! თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე განცხადებაში აღნიშნავს, რომ „სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად.”

ვაშაძის ამ განცხადებას გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია. მისი თქმით, გაუგებარი და ბუნდოვანი განცხადებაა. ბოკერია ამბობს, რომ მათი პარტიის პოზიცია უცვლელია.


ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ, ისინი არ ცნობენ არჩევნების შედეგებს. ერთობლივ დოკუმენტსაც მოაწერეს ხელი, სადაც ნათქვამია, რომ ყველა ამბობს უარს საპარლამენტო მანდატებზე. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა: თამარ ჟვანიას გადაყენება, თავისუფალი საარჩევნო ადმინისტრაცია, ხელახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

გუშინ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. ოპოზიციური პარტიის ლიდერების თქმით, პროტესტი არ შეწყდება და მორიგი აქცია შაბათს, 14 ნოემბერს, 3 საათზე გაიმართება.