„ამ ოთახში თქვენ მიერ არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული“ - ფხაკაძე პრემიერს

პუბლიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს კონკურენციის სააგენტოს მიერ მომზადებული ფარმაცევტული ბაზრის შუალედურ ანგარიშზე და მასში წარმოდგენილ რეკომენდაციებზე.

განიხილეს, რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ვითარების დარეგულირების მიზნით. გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია მედიკამენტების გაზრდილ ფასებზე დროული რეაგირება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

„ჩვენ დავასრულეთ შუალედური ანგარიში, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის. მინდა, თქვენც გაგიზიაროთ ეს ხედვა, თქვენგან მოვისმინო რეკომენდაციები, თქვენი აზრი და ვიმსჯელოთ ამ თემაზე. რაც მთავარია, მინდა, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთოთ, ისე, რომ ჩვენი მოსახლეობის ინტერესები იყოს გათვალისწინებული, მაქსიმალურად დაცული, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ გვინდა, რომ ბიზნესის ინტერესებიც გავითვალისწინოთ. ჩვენ თუ ამ ბალანსს ვიპოვით, ეს იქნება იდეალური გამოსავალი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

შეხვედრაზე საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა ბიზნესის მხარდაჭერისთვის, მნიშვნელოვანი და საინტერესო გადაწყვეტილებების მიღებისთვის, რამაც მისი თქმით, ძალიან ბევრი სიკეთე მოუტანა ქვეყანას.

„პირველ რიგში მადლობა. პრემიერთან იყო საუბარი სხვადასხვა საკითხზე, ერთ-ერთი იყო ფარმაცევტული ინდუსტრია და ვთქვით, რომ თუ შეიძლებოდა ბიზნესთან შეხვედრა. ეს პირველი შემთხვევა არაა, პრემიერმა თქვა კი, აუცილებლად შევიკრიბოთ და განვიხილოთ აკადემიურად და პროფესიონალურადო.

ამ ოთახში, ამ წელიწადში, ჩვენი წარდგინებით, თქვენ მიერ არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, თქვენი დახმარებით და ამან ბევრი სიკეთე მოუტანა ქვეყანას“, – განაცხადა ფხაკაძემ.

პრემიერმა, ფარმაცევტულ პროდუქტებზე ფასების შემცირების მიზნით ფარმაცევტულ სექტორში რეგულაციების დაწესება დააანონსა. კონკრეტულად რა იქნება ცვლილებები და როგორ აისახება ის მედიკამენტების ფასებზე, უცნობია.