ამ რთულ მომენტში სოლიდარობას ვუცხადებთ ისრაელს - ზურაბიშვილი

პუბლიკა

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება. ზურაბიშვილის განცხადებით, ის შეშფოთებულია განვითარებული მოვლენებით და სოლიდარობას უცხადებს ისრაელს.

„ღრმად შეშფოთებული ვარ ისრაელში სიტუაციის ბოლოდროინდელი ესკალაციით და უდანაშაულო ადამიანების დაკარგვით. ამ რთულ მომენტში საქართველო ისრაელის სახელმწიფოს სრულ სოლიდარობას უცხადებს. ტერორსა და არაადამიანობას თანამედროვე სამყაროში ადგილი არ უნდა ჰქონდეს“, – წერს ზურაბიშვილი.


დღეს, 7 ოქტომბრის დილიტ „ჰამასის“ მებრძოლები ისრაელის ტერიტორიას სარაკეტო თავდასხმასთან ერთად მოულოდნელად დაესხნენ თავს. ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელშიც პალესტინელთა მიერ საზღვრის გარღვევა და ისრაელის ტერიტორიაზე დესანტის გადასხმაც ჩანს.

ისრაელური მედიის ინფორმაციით, პალესტინელებმა ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ რამდენიმე სასაზღვრო დასახლება და ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. მებრძოლებმა დახოცეს და ტყვედ აიყვანეს როგორც სამხედროები, ისე მშვიდობიანი მოქალაქეები.

„ჰამასის“ სამხედრო მეთაურის თქმით, ეს იყო პასუხი ისრაელის „აგრესიაზე“, მან თავდასხმას ოპერაცია „ალ-აკსას წარღვნა“ დაარქვა და მოუწოდა ისრაელსა და მის მეზობელ ქვეყნებში მცხოვრებ არაბებს, რომ იარაღი აიღონ ხელში ისრაელის წინააღმდეგ.

ჯერჯერობით დაუზუსტებელია, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა „ჰამასის“ თავდასხმისას. ღაზის სექტორის გარშემო ისრაელის ჯარსა და პალესტინურ დაჯგუფებებს შორის ბრძოლა გრძელდება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავისი მოქალაქეების მიმართვისას განაცხადა, რომ ეს არის ომი ისრაელის წინააღმდეგ და მტერს „ისეთ საფასურს გადაახდევინებენ, როგორიც აქამდე არ უნახავთ“.

ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობისთვის მზადება გამოაცხადა და რეზერვისტების მობილიზაცია დაიწყო.