ამ ვარსკვლავების სანახავად საქართველოში ბევრი ახალი ვიზიტორი შეიძლება ჩამოვიდეს – მინისტრი

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ წელს დაგეგმილი კონცერტებით საქართველო საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით სხვა ეტაპზე გადადის.

„ქვეყანა ტურისტულად – როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით, ვფიქრობ, სხვა ეტაპზე გადადის. შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნები იზრდება და გეგმაშია, რომ „ბლექ სი არენას“ პოტენციალი სრულად ავითვისოთ – მაქსიმალურად წარმატებული, პოპულარული შემსრულებლები მოვიწვიოთ, მათ შორის ვარსკვლავები“, – განაცხადა დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოში მასშტაბური კამპანიის – „Starring Georgia-ს“ ფარგლებში დაგეგმილი უცხოელი შემსრულებლების ჩამოსვლაზე საუბრისას.

როგორც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, წინა პროექტის, Check in Georgia-ს მსგავსად Starring Georgia-ც კარგი წამოწყებაა.

მინისტრის აზრით, წელს დაგეგმილი ცნობილი არტისტების კონცერტები მოიზიდავს არა მხოლოდ ადგილობრივ ტურისტებს, არამედ ვიზიტორებს მთელი რეგიონიდან და მეტიც, უფრო შორეული ქვეყნებიდანაც.

„ჩვენ ამაზე გვქონდა კომუნიკაცია მოსახლეობასთან, როგორც ტურიზმზე, ეკონომიკაზე გავლენის კუთხით და ვფიქრობთ, მხოლოდ მიმდინარე წელს კონსერვატიული შეფასებებით, დაახლოებით 100 მილიონის ეფექტს ეკონომიკაზე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის ცნობადობის ამაღლების კუთხით, რადგან ამ ვარსკვლავების სანახავად საქართველოში ბევრი ახალი ვიზიტორი შეიძლება ჩამოვიდეს და ზოგადად, ეს იქნება ძალიან პოზიტიური დინამიკა საქართველოს ტურიზმის განვითარებისთვის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, სასურველია, რეგულარულად მიმდინარეობდეს ასეთი კამპანიები, რომელთა ფარგლებშიც საქართველოში მაღალი ხარისხის შემსრულებლები რეგულარულად ჩამოვლენ.

„Starring Georgia“-ს იდეა ის არის, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო პოპულარული შემსრულებლები გვეყოლება“, – აღნიშნა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის კომენტარს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.