70 მლნ კი იხარჯება, მაგრამ ჩვენ ამ კონცერტებიდან მინიმუმ 100 მლნ ლარს მივიღებთ - ღარიბაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ვარსკვლავების კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი კი გამოიყოფა, მაგრამ, სამაგიეროდ, მინიმუმ 100 მლნ ლარის შემოსავალს მიიღებს ამ კონცერტებით ქვეყანა.

„კულტურის სამინისტრომ და „Black Sea Arena-ს“ მენეჯმენტმა ძალიან კარგად იმუშავა, მათ კონკრეტული გეგმა წარმოადგინეს და წელს, რომ იტყვიან, ბუმი იქნება მაღალი დონის შემსრულებლების, არტისტების და მათი კონცერტები გაიმართება.

განმარტების სახით მინდა გითხრათ… საუბარი იყო, რომ 70 მლნ ლარი იხარჯება ამ კონცერტებში ბიუჯეტიდან, მაგრამ ჩვენ შემოსავლებს ველოდებით, როგორც პირდაპირს ისე არაპირდაპირს, შეიძლება იყოს მინიმუმ 100 მლნ ლარზე საუბარი, ეს მინიმუმ. ამას ემატება ქვეყნის ცნობადობობის ამაღლება, ზოგადად, პრესტიჟი და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია,  ჩვენ ამას გავაგრძელებეთ და სხვა სიახლეებიც ექნებათ ჩვენს ახალგაზრდებს, მსმენელს და ვფიქრობ, იქნება წარმატებული სეზონი“, – თქვა მან მთავრობის სხდომაზე.


მთავრობის გადაწყვეტილებით, „Black Sea Arena“ საქართველოში კამპანიას, „Starring Georgia“-ს იწყებს. ადმინისტრაციის ცნობით, კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა. „Black Sea Arena-ს“ სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე გაიმართება.