ამ წერილებში ან საერთოდ არ კეთდება, ან მცირე დოზით კეთდება აქცენტი ოკუპაციაზე – წულუკიანი კონგრესმენთა წერილებზე

პუბლიკა

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თეა წულუკიანს ამერიკელ კონგრესმენთან წერილების შესახებ დაუსვეს კითხვა. მისი თქმით, მთავრობა კონგრესმენთა წერილებს ყურადღებით ეცნობა და გასაკვირია, რომ ზოგიერთი სენატორი საერთაშორისო დავის დასრულებამდე „ფრონტერას” საქმეზე შეფასებებს აკეთებს.

„ყურადღებით ვეცნობით წერილებს და ვხედავთ, რომ ამ წერილებში გასაკვირი ნაწილებია, მაგალითად, ის, რომ ზოგიერთი კონგრესმენი მაშინ, როცა საერთაშორისო არბიტრაჟში დავა მიმდინარეობს, აკეთებს დასკვნებს. მოცემულ კომპანიას ჰყავს ბევრი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, რომლებსაც იმის გამო, რომ ხელფასი შეუწყდათ, სარჩო საბადებლის პრობლემა შეექმნათ.

ასევე გასაკვირია, რომ ამ წერილებში ან საერთოდ არ კეთდება, ან მცირე დოზით კეთდება აქცენტი იმაზე, რაც ჩვენ და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს აშშ-ს აწუხებს. ეს გახლავთ ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობა. საქართველოში დემოკრატიული პროცესი ასეთი მაღალი არასოდეს ყოფილა დამოუკიდებლობის შემდეგ.

ამ წერილებიდან ზოგიერთი იმასაც აპროტესტებდა, რატომ მიეცა მიხეილ სააკაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაშიო. ჩვენ გავაგრძელებთ, რომ გავეცნოთ მეგობარი ქვეყნიდან მოსულ წერილებს, მაგრამ ჩვენ იმიტომ ვართ ზრდასრული სახელმწიფო, რომ გვქონდეს ანალიზის უნარი და შევაფასოთ, რა არის რეალობა და რა რეალობას აცდენილი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.