ამ წუთებში მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ შსს საპოლიციო ძალას უკანონოდ იყენებს - საია

პუბლიკა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ შეწყვიტოს სპეციალური საშუალებების გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების მისამართით.

„ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მოქალაქეების მისამართით სახელმწიფო საპოლიციო ძალას უკანონოდ და არაპროპორციულად იყენებს.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ დაახლოებით 01:45 საათიდან მნიშვნელოვნად ინტენსიური გახდა რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენება.

როგორც საჯაროდ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, საშუალებების გამოყენება ხდება წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ამასთან, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენება ერთმანეთის პარალელურად, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტს. ამასთან, ადგილი აქვს ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის ინტენსიურად, დროში შემჭიდროვებულ შუალედებსა და დიდი რაოდენობით გამოყენებას, რასაც, გარდა არაპროპორციული ბუნებისა, აქვს მშვიდობიანი მოქალაქეებისადმი არასათანადო მოპყრობის ტოლფასი ეფექტი, “- ამბობენ საიაში.

საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • სამართალდამცავებს მიეცეთ მკაცრი მითითება სპეციალური საშუალებების გამოყენების წესების დაცვასთან დაკავშირებით;
  • შეწყდეს სპეციალური საშუალებების გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების მისამართით.

მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

  • უზრუნველყოს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევებზე გამოძიების მყისიერი და ეფექტიანი წარმოება;

მეორე დღეა თბილისში რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია იმართება რუსული კანონის წინააღმდეგ. სპეცრაზმი აქციებს ძალის გამოყენებით შლის, აკავებენ ათობით ადამიანს, იყენებენ ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლს. მოქალაქეები პროტესტს არ წყვეტენ.